ფეხბურთი

15:33 | 24.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

იონ არნე რიისე: “ლივერპული” ლიგაზე ცხოველია, მაგრამ “რომა” ფავორიტია”

საფეხბურთო სამყაროს ყურადღება დღეს მთლიანად “ენფილდ როუდისკენ” იქნება მიპყრობილი, სადაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “ლივერპული” – “რომას” უმასპინძლებს. ბუნებრივია, აღნიშნული მატჩისადმი ინტერესი დიდია.

იონ არნე რიისე ერთ-ერთი იშვიათთაგანია, რომელსაც თავის დროზე ორივე გუნდის ღირსება წარმატებით დაუცავს.

დაუღალავი მარცხენა მცველი ნორვეგიიდან – რიისე “ლივერპულში” 2001-2008, ხოლო “რომაში” 2008-2011 წლებში თამაშობდა. Gazzetta Dello Sport-ი სკანდინავიელ ფეხბურთელს დაუკავშირდა და დღევანდელი მატჩის შესახებ ესაუბრა.

- ჯერარდი და ტოტი. რომელი იყო უფრო დიდი?

- შეუძლებელია არჩევანის გაკეთება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ორივეს გვერდით ვითამაშე. ორი ჩემპიონი, ორი დიდი კაპიტანი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ორივეს გვერდით ვთამაშობდი.

- იყო დრო, როდესაც ამბობდი “ლივერპულს”, ფიქრობდი ჯერარდს. დღეს?

- მე ვიტყოდი სალაჰი. თუმცა, ვფიქრობ, რომ “წითლების” თამაშში განსხვავება მოიტანა ვირჯილ ვან დეიკმაც. მასში ბევრი ფული გადაიხადეს, მაგრამ, როდესაც ის გუნდში მივიდა, დაცვის თამაში უფრო საიმედო გახდა.

- სწორედ რომ დაცვა: რობერტსონი ახალი რიისეა?

- ჩემს პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ განსხვავებული ფეხბურთელია.. მე ვიყავი ფლანგის მოთამაშე, რომელსაც უყვარდა შეტევაში ჩართვა. მისმა ზრდამ გამაოცა. არავის არ უნდა მიბაძოს. რობერტსონი უნდა იყო რობერტსონი.

- შეძლებს დი ფრანჩესკო, რომ გვარდიოლას შეცდომები არ გაიმეოროს?

- “რომამ” ძალიან კარგი მწვრთნელი იპოვა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შემთხვევით ვერ გახვალ. არ ვფიქრობ, რომ მეოთხედფინალში გვარდიოლა შეცდა, უბრალოდ რთულია მანეს, სალაჰისა და ფირმინოს ტრიოს შეჩერება.

- ემრე ჯანი ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. ეს მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება? და, “იუვენტუსისთვის” კარგი ტრანსფერი?

- დიახ და ეს ფანტასტიკური მწვრთნელის, იურგენ კლოპის დამსახურებაცაა. ემრეს მიმართ დაინტერესებული ბევრი ტოპ გუნდია, მაგრამ იმედია, “ლივერპულში” დარჩება.

- ვინ წავა კიევში: “ლივერპული” თუ “რომა”?

- მცირედით, მაგრამ მაინც ფავორიტი “რომაა”, რადგან საპასუხო მატჩი “ოლიმპიკოზე” უნდა გაიმართოს. ველოდები ულამაზეს მატჩებს, შოუს. ევროპული მატჩები განსაკუთრებულია და “ენფილდზე” გამარჯვება თითქმის შეუძლებელი. შემთხვევითობა არაა, რომ “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგაზე უფრო ცხოველია, ვიდრე პრემიერლიგაში.

0.122177