ბლოგი

12:55 | 24.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

მესი ფეხბურთია, ლებრონი - კალათბურთი

მეგობარი მყავს, რომელიც ყოველთვის ყველაფერს აპროტესტებს. ხანდახან, საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგება. ხანდახან, საკუთარ თავს ჭადრაკს ეთამაშება. და ძალიან ხშირად, ადგილმდებარეობის, ამინდის, განწყობის განურჩევლად შემოგვიგდებს ხოლმე მარტივ, მაგრამ მისთვის მსუყე თემას და იწყება გარჩევა. ნიკოლსონი თუ დე ნირო? მერსედესი თუ ბეემვე? მჟაუნის წვნიანი თუ ჩიხირთმა? ნაიკი თუ ადიდასი? ბლანდიკნა თუ ბრიუნეტკა?

და ეს ასაკში შესული ახალგაზრდა არ იღლება, სულ ფორმაშია. იმ დღეს შემოგვიარა და მორიგი მარტივი თემა შემოაგდო - მესი თუ რონალდუ?

უცბად, სწრაფად, არგუმენტირებული პასუხი გაგვცა და ჩვენს პასუხს დაელოდა.

საუბარში ფეხბურთის ნამდვილი მცოდნეები და უბრალოდ, უსაქმურები ჩაერთვნენ და დაიწყო ქართული სლენგით დამძიმებული დავა, რომელიც ნახევარი საათი გაგრძელდა. და ვერავინ ვერაფერზე ვერ შეთანხმდა. სიგარეტის სიგარეტზე გადაკიდება, ზედა ღილის შეხსნა, ცხვირის მოფხანა, ბევრი „მაიცა რა“ და „კაი რა, ტო“ ამ საუბრის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. საუბრის, რომელიც იწყება და არ მთავრდება.

და ჩემთვის, იქ სადაოც არაფერია.

ჩემთვის, ფეხბურთი მესია. როგორც, კალათბურთი - ლებრონი.

გულშემატკივარი შეიძლება, იყო სუბიექტური და ეს ნორმალურია. და ხანდახან, არ გაწყენს, თუ იქნები ობიექტური და ერთი წუთით მაინც იტყვი სიმართლეს და არა იმას, რაც გინდა, რომ თქვა.

ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიეროა. რობერტო ბაჯოსთან ერთად. ჩემი საყვარელი კალათბურთელი ტიმ დანკანია. და ძირითადად, სამეგობროში თუ შედარებით, უცხო წრეში, ამ არაჩვეულებრივ ხალხს ვაწვები. მაგრამ როდესაც საკუთარ თავს ვეკითხები, ვინ არის ფეხბურთი და ვინ - კალათბურთი, მხოლოდ ეს ორი ადამიანი მახსენდება.

მესი და ლებრონი. ან, ლებრონი და მესი.

რონალდუ დიდია. ყველაზე მაგარი ტანით და ყველაზე სექსუალური გამოხედვით, რომელიც ბევრ ათას ქალბატონს აკვნესებს. მესი უფრო მარტივია. გაიკეთა სვირინგები, მოუშვა წვერი, შეიქმნა ოდნავ ბრუტალური იმიჯი და მაინც არ შეიცვალა.

რონალდუ პოდიუმია. მესი - ჩვენი ეზო. რონალდუ - უნაკლო მამაკაცია. მესი - უნაკლო ფეხბურთელი. რონალდუ - სამეფო კლუბის ლიდერია. მესი - მეფეა.

რონალდუმ უფრო ნაკლებით მიაღწია უფრო ბევრს, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ. რონალდუმ შექმნა ფეხბურთელი, რომელიც არ იღლება. რონალდუ მხოლოდ მაშინ იღლება, როდესაც ისვენებს. დაღლილი მესი ჯერ არ მინახავს. ის ყოველთვის ეკონომ-ფეხბურთს გეთამაშება. და ამ თამაშ-თამაშით ართმევს თავმოყვარეობას იმ, მეორე გუნდს.

რონალდუმ შექმნა იმპერია და პორტუგალიელის მეგობარია ფილიპ პლეინი. რონალდუ ატარებს პლეინის ზედას, რომელიც ორასი ათასი ამერიკული დოლარი ღირს. მესი არ იცნობს პლეინს და ზმანებზეც ნაკლებად არის შეყვარებული.

ორივემ შექმნა პატარა სამყარო, სადაც მხოლოდ ისინი, მესი და რონალდუ არიან.

რონალდუ გახდა ევროპის ჩემპიონი. მესი - ელოდება. რუსეთში რომ მოხსნას ჯეკპოტი. და რომ არ მოხსნას? რა შეიცვლება?

მესი ნიჭით უჯოკრავს რონალდუს. პორტუგალიელი არგენტინელს - მონდომებით და გამძლეობით.

რონალდუ მალე ჭოკით ხტომაში გამოვა. მესი კიდევ ერთხელ მოატყუებს ნახევარ პრიმერას, გზად სახლში შეივლის, მოწრუპავს ლიმონათს, ცოლს აკოცებს, დაბრუნდება მოედანზე და პატარა სასწაულს შექმნის.

ლებრონს წაგებულ ფინალებს უთვლიან. მესის - ყველაფერს ერთად. არ დაიღალეთ?

ლებრონი არ არის ჯორდანი და მესი - მარადონა. ისინი ცალკე იყვნენ. ლებრონი და მესი დღეს კალათბურთის და ფეხბურთის ელჩები არიან. სხვები, ისვენებენ.

და საკუთარ თავს სიმართლეს რომ ეტყვით, მხოლოდ ეს ორი ჯადოქარი გაგახსენდებათ.

როგორც ჩვენს მეგობარს, რომელმაც მაშინ თქვა - მესი.

მეც იგივეს გეტყვით. მესი და ლებრონი.

0.122054