კალათბურთი

13:22 | 24.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ტიტებმა" ფინალურ სერიაში სხვაობა შეამცირა

საქართველოს საკალათბურთო “ა” ლიგის ფინალურ სერიაში ვითარება დაიძაბა. “თსუ-ჰიუნდაიმ”, რომელმაც სერიის საწყისი 2 მატჩი დამაჯერებლად მოიგო და სუპერლიგას 1 ნაბიჯით მიუახლოვდა, გუშინ 81:87 წააგო და სერიაში სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა.

თსუ-ჰიუნდაელებს რომ ემარჯვათ, სერიასთან ერთად სუპერლიგის საგზურს მოიგებდნენ, თუმცა დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა “ტიტებმა” დამაჯერებლად, დალაგებულად და შეუპოვრად ითამაშა – მესამე პერიოდის დასაწყისში ძირითადი ხუთეულის ამერიკელი წევრის დაკარგვას არ შეუშინდა და გამარჯვებას მიაღწია.

სერიის პირველი მატჩის მსგავსად, დებიუტი თანაბარი გამოდგა, თუმცა “ტიტები” უფრო ხშირად იყო წინ, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი თსუ-ჰიუნდაელები კი მეტოქესთან 2-3 ქულიან დისტანციას ინარჩუნებდნენ. პერიმეტრიდან ისევ ზუსტად ესროდა კოკა ტომარაძე, თუმცა წინა მატჩის მსგავსად, რომელშიც ჩერქეზიშვილის გუნდმა 30 ქულით იმარჯვა, სნაიპერს თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს.

პირველი პერიოდის შემდეგ “ტიტები” 2 ქულით – 37:35 იგებდა, თუმცა შესვენების შემდეგ თამაშის განახლებისთანავე დიდი დანაკლისი განიცადა. შემტევმა ფორვარდმა ანტუან სპეისმა, რომელსაც აღნიშნული მომენტისთვის 10 ქულა ჰქონდა, არასპორტული ჯარიმა მიიღო და რაკი პირველ ნახევარში ტექნიკურიც დაემსახურებინა, ახალი წესების თანახმად, მოედანი დატოვა. შემადგენლობიდან გამომდინარე, ეს “ტიტებისთვის” სოლიდური მინუსი იყო, თუმცა თითქოსდა გამოუვალმა სიტუაციამ უსტიაშვილის გუნდი გააერთიანა და მეტი შემართებით განაწყო. სპეისის ნაცვლად მოედანზე გამოსული გუგა პატაშურიც შედეგიანად ჩაერთო თამაშში და “ტიტები” უფრო შედეგიანად ათამაშდა.

მესამე პერიოდის შემდეგ “ტიტები” 4 ქულას იგებდა, ბოლო პერიოდში კი რაშად რენსომის, ბესო ლეჟავას, ჯონი რენსომის, გუგა პატაშურისა და ქაქუცა აბაიშვილის ქულებით მოსაგებად სამყოფი ლიდერობა დაიბევა. ძალიან მნიშვნელოვანი ბურთი ჩააგდო ბოლო წუთის ახალდაწყებულზე ბექა ჩიკვილაძემ, რის შემდეგაც “ტიტების” ლიდერობამ 5 ქულას მიაღწია და შეხვედრის ბედიც გადაწყდა.

24 ქულითა და 10 პასით გამარჯვებულებს რაშად რენსომმა ულიდერა. 18 ქულა მიითვალა ბესო ლეჟავამ, 15 – ჯონი ბრიტონმა, ხოლო დისკვალიფიცირებული ანტუან სპეისის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა. “თსუ-ჰიუნდაიში” 17 ქულით ბომბარდირი გახდა გიორგი კორსანტია. 14 ქულა მიითვალა კოკა ტომარაძემ, ხოლო საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით თსუ-ჰიუნდაელთაგან საუკეთესო კრისტოფერ ანდერსონი გახდა, რომელმაც 7 ქულა, 7 პასი, 7 ჩაჭრა და 5 მოხსნა მიითვალა.

ფინალური სერიის მე-4 მატჩი 25 აპრილს, ოლიმპიურ სასახლეში, 18:00 საათზე გაიმართება.

gbf.ge

0.120665