ფეხბურთი

1:28 | 24.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოულოდნელი და დამსახურებული ნახევარფინალი

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ნახევარფინალური მატჩია: “ლივერპული” – “რომა”. ეს ბევრისთვის მოულოდნელი წყვილია და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. თუმცა, ინგლისურმა და იტალიურმა გუნდმა ყველას დაუმტკიცეს, რომ მათი ჩამოწერა ნაადრევი იყო.

შესაბამისად, დღეს ჩემპიონთა თასის 1984 წლის ფინალის რიმეიქი შედგება. საინტერესო იქნება მოჰამედ სალაჰის ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ თამაში და შეძლებენ თუ არა, რომაელები შეუჩერებელი მეგობრის შეჩერებას.

დღევანდელ მატჩში “ლივერპულს” ადამ ლალანა, ჟოელ მატიპი და ემრე ჯანი ვერ დაეხმარებიან, ხოლო სტუმრების დანაკლისი შედარებით მსუბუქია – კარსდორპი და დეფრელი ისედაც არ განიხილებიან “ჯალოროსის” ძირითადი შემადგენლობის წევრებად.

იურგენ კლოპი (“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი): “სალაჰმა რომში შესანისნავი პერიოდი გაატარა, მაგრამ კარგად იცის, რომ ისინი მისი თანაგუნდელები აღარ არიან. ფინალში გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს, მაგრამ ეს ჩვენ უფრო გვჭირდება. ყველაფერს გავაკეთებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ეს განსაკუთრებული ნახევარფინალი იქნება “რომასთვის”, ისევე, როგორც ჩვენთვის”.

ეუსებიო დი ფრანჩესკო (“რომას” მთავარი მწვრთნელი): “ენფილდი” საოცარია. ჩვენ, იტალიაში გულშემატკივრების ასეთ სიახლოვეს არ ვგრძნობთ და ინგლისური ფეხბურთი განსაკუთრებული ამიტომაცაა. “ლივერპული” კი ძალიან აგრესიული გუნდია, რომელსაც დიდი ხარისიხი აქვს. ინგლისელებს შეუძლიათ დაკარგული ბურთის მალევე დაბრუნება. ჩვენ არ მოვმზადებულვართ სალაჰის წინააღმდეგ სათამაშოდ, მაგრამ მოვემზადეთ “ლივერპულთან” სათამაშოდ”.

სავარაუდო შემადგენლობები:

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

24 აპრილი, 22:45 საათი

“ლივერპული” (4-3-3): კარიუსი; ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი; ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჰენდერსონი, მილნერი; სალაჰი, ფირმინო, მანე

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

“რომა” (4-3-3): ალისონი; ფლორენცი, მანოლასი, ფაციო, კოლაროვი; დე როსი, სტროტმანი, ნაინგოლანი; პეროტი, ჯეკო, ჯენგიზ იუნდერი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

“ლივერპული” და “რომა” ჩემპიონთა თასის ფინალის მოგონებებით ცხოვრობენ. 1983-1984 წლების სეზონში ინგლისელებმა იტალიელები მისსავე მოედანზე პენალტების სერიაში დაამარცხეს.

“ლივერპულისთვის” ეს იქნება მეათე ნახევაფინალი, ხოლო 2007-2008 წლების სეზონის შემდეგ პირველი.

“რომას” კი ამავე ეტაპზე აქამდე ერთხელ უთამაშია. ეს ხსენებულ 1984 წელს მოხდა და ფინალში გასვლა მოახერხა.

ურთიერთშეხვედრები

“ლივერპულისა” და “რომას” გზები აქამდე 5-ჯერ გადაკვეთილა. ყველაზე ცნობილი რა თქმა უნდა, 1984 წლის ჩემპიონთა თასის ფინალია. მაშინ, რომის ოლიმპიურ სტადიონზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-14 წუთზე ფილ ნილმა გაიტანა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს რობერტო პრუცომ გაათანაბრა. იმ მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა და ყველაფერი პენალტების სერიაში გაირკვა, სადაც “წითლებმა” აჯობეს მეტოქეს. რომაელთაგან პენალტები გუნდის ლიდერებმა ბრუნო კონტიმ და ფრანჩესკო გრაციანიმ ვერ გაიტანეს. ალან კენედის ზუსტმა დარტყმამ კი, ევროპის უძლიერესი გუნდის სახელი “ლივერპულს” მოუტანა.

1984 წლის 30 მაისს, რომში გუნდებმა შემდეგი შემადგნელობით ითამაშეს:

“რომა”: ტანკრედი, ნაპი, ნელა, რიგეტი, ბონეტი, ჩერეზო (სტრუკელი 55), დი ბარტოლომეი, ფალკაო, კონტი, პრუცო (ჩიერიკო 63), გრაციანი

“ლივერპული”: გრობელაარი, ნილი, ლაწრენსონი, ჰანსენი, კენედი, ჯონსტონი (ნიკოლი 69), ლი, საუნესი, უელანი, დალგლიში (რობინსონი 93), რაში

2000-2001 წლების სეზონში ერთადერთი შემთხევა იყო, როდესაც ამ გუნდების გზები ევროსარბიელის პლეი-ოფში გადაიკვეთა. ეს უეფას თასის მეოთხე ეტაპზე მოხდა. მაშინ, მაიკლ ოუენმა რომში დუბლი შეასრულა და ინგლისელებმა სტუმრად 2:0 მოიგეს, ხოლო მერე “ენფილდ როუდზე” ჯანი გიგუს გოლით “ჯალოროსიმ” მოიგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში დამარცხდა. საერთოდაც, ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც “რომამ” “ლივერპული” დაამარცხა.

2001 წლის 22 თებერვალს, “ენფილდზე” გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

“ლივერპული”: ვესტერველდი, ბაბელი, ენჩო, ჰიიპია, კარაგერი, ჰამანი, მაკალისტერი, ციგე, ბარმბი (ფაულერი 80), ოუენი (შმიცერი 67), ჰესკი

“რომა”: ანტონიოლი, კანდელა, სამუელი, ძაგო, ძებინა, ასუნსაო, ტომაზი, რინალდი (გიგუ 58), ნაკატა, მონტელა (ბალბო 78), დელვეკიო (ბატისტუტა 58)

ბოლო დაპირისპირება კი, 2001-2002 წლების სეზონით თარიღდება, როდესაც გუნდების გზა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადაიკვეთა. რომაში გოლი არ გასულა, ხოლო ინგლისში მასპინძლებმა იარი ლიტმანენისა და ემილ ჰესკის გოლებით მოიგეს. ამ გამარჯვებით მაშინ “ლივერპული” მეოთხედფინალში გავიდა, ხოლო “რომა” ჯგუფში ჩარჩა.

2002 წლის 19 მარტს, გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

“ლივერპული”: დუდეკი, შავიერი, ენჩო, ჰიიპია, კარაგერი, შმიცერი (მაკალისტერი 90), მერფი, ჯერარდი, რიისე, ლიტმანენი (ბისჩანი 89), ჰესკი

“რომა”: ანტონიოლი, პანუჩი, სამუელი, ალდაირი, კანდელა, ტომაზი, ასუნსაო (კასანო 69), ემერსონი, ლიმა (მონტელა 46), ტოტი, ბატისტუტა (დელვეკიო 46)

ედინ ჯეკომ და მოჰამედ სალაჰმა 2016 წელს ამ გუნდების ამხანაგურ მატჩში გაიტანეს და “რომა” 2:1 მოიგო. სალაჰი დღეს “ლივერპულის” უპირობო ლიდერია. “ჯალოროსიმ” 2014 წელს ბოსტონში კიდევ ერთი სპარინგი მოიგო 1:0, ხოლო 2004 წელს “ლივერპულმა” 2:1 გაიმარჯვა ასევე ამხანაგურ შეხვედრაში (აშშ-ში).

სტატისტიკა

“ლივერპული”

“ლივერპულის” ბალანსი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში: 7 შემდეგ ეტაპზე გასვლა და 2 გამოთიშვა.

“ლივერპულს” ბოლო სამი ხანხევარფინალი ინგლისური გუნდის და კერძოდ, “ჩელსის” წინააღმდეგ აქვს ჩატარებული. ეს იქნება პირველი ნახევარფინალური მატჩი არაინგლისური გუნდის წინააღმდეგ 1985 წლის შემდეგ.

“ლივერპულის” ბალანსი იტალიურ გუნდებთან პლეი-ოფში: 4 შემდეგ ეტაპზე გასვლა, 2 გამოთიშვა. ბოლოს ასეთი რამ 2008 წელს მოხდა, როდესაც “ლივერმა” “ინტერი” დაამარცხა (2:0, 1:0).

“ლივერპულის” ბალანსი იტალიური გუნდების წინააღმდეგ: 9 მოგება, 5 ფრე, 11 წაგება. ეს იქნება პირველი მატჩი აპენინელებთან 2012-2013 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც ინგლისელები “უდინეზეს” ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ. მაშინ ალბიონზე “უდინეზემ” 3:2 მოიგო, ხოლო იტალიაში სტუმრებმა ჯორდან ჰენდერსონის ერთადერთი გოლით.

“ლივერპულის” ბალანსი საკუთარ მოედანზე იტალიურ გუნდებთან: 6 მოგება, 0 ფრე, 4 წაგება. ბოლო სამი მატჩიდან “წითლებს” შინ 2 წაგება აქვთ.

“ლივერპულს” უეფას ტურნირებში იტალიური გუნდების წინააღმდეგ 5-ჯერ უთამაშია და მოუგებელია: 0 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება. აღსანიშნავია, რომ ორივე ფრის შემთხვევაში თასი “ლივერპულმა” მოიგო. ჯერ “რომასთან” (1:1 და პენალტებში 4:2), შემდეგ კი “მილანთან” (3:3 და პენალტებში 3:2). 1985 წელს, “ლივერპულმა” ჯერ ჩემპიონთა თასის ფინალში წააგო “იუვენტუსთან”, მერე კი, ევროპის სუპერთასზე. ხოლო 2007 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მილანთან” დამარცხდა.

მიმდინარე გათამაშებაში იურგენ კლოპის გუნდს არც შინ წაუგია და არც სტუმრად.

“წითლებს” “ენფილდ როუდზე” ევროსარბიელის ეგიდით უკვე 15 თამაშია არ წაუგიათ. ბოლოს ასეთი რამ 2014 წლის 22 ოქტომბერს, “რეალთან” (0:3) მოხდა.

“რომა”

“რომას” ნახევარფინალში ერთადერთხელ უთამაშია და 1984 წელს შოტლანდიური “დანდი იუნაიტედი” ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა (0:2, 3:0).

“რომამ” პლეი-ოფში ინგლისურ გუნდებს საწყისი სამი დუელიდან სამივე მოუგო, მაგრამ ბოლო 6 დაპირისპირება წააგო. მათ შორის, 2009 წელს, მერვედფინალში “არსენალთან” პენალტების სერიაში (0:1, 1:0, პენალტების სერიაში 3:4).

“ჯალოროსიმ” მიმდინარე სეზონში ინგლისში უკვე ითამაშა. “ჩელსისთან” 0:2 აგებდა, შემდეგ 3:2 იგებდა და საბოლოოდ ფრეს გამორჩა (3:3). ბოლო სამი მატჩი ინგლისში კი, ყვე ფრედ დასრულდა.

“რომას” ბალანსი ინგლისში: 1 მოგება, 6 ფრე, 9 წაგება. “მგლებმა” ეს ერთადერთი მატჩი სწორედ “ლივერპულთან” მოიგეს 2001 წელს, 1:0.

“რომა” მიმდინარე სეზონის ერთადერთი ნახევარფინალისტია, რომელმაც მეოთხედფინალის პირველი მატჩი წააგო (1:4 “ბარსელონასთან”, შინ 3:0 მოიგო) და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

“რომას” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 25 მატჩში 6 მოგება აქვს (8 ფრე, 11 წაგება), მაგრმა ბოლო 9 შეხვედრიდან ხუთში მიაღწია წარმატებას.

გზაჯვარედინი: მწვრთნელები და ფეხბურთელები

მოჰამედ სალაჰი “რომაში” 2015-2017 წლებში თამაშობდა და 29 გოლი გაიტანა. “ლივერპულის” რიგებში კი ეგვიპტელი შეუჩერებელია და მხოლოდ პრემიერლიგაში უკვე მოასწრო 30 გოლის გატანა.

სალაჰი 2014-2015 წლების სეზონში “ფიორენტინაში” თამაშობდა, მაგრამ “რომას” წინააღმდეგ არ უთამაშია.

ედინ ჯეკოს “სიტის” მაისურით “ლივერპულის” კარში 3 გოლი აქვს გატანილი (11 მატჩში).

ფედერიკო ფაციო (“ტოტენჰემი” 2014-2016) და ალექსანდრ კოლაროვი (“სიტი” 2010-2017) პრემიერლიგაში თამაშობდნენ.

ედინ ჯეკო “სიტის” ფეხბურთელი იყო, როდესაც იურგენ კლოპის “დორტმუნდს” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდა (0:1, 1:1).

იმავე ჯეკოს 5 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი კლოპის “დორტმუნდისთვის” “ვოლფსბურგის” მაისურით.

დანიელე დე როსის იტალიამ ევრო 2012-ის მეოთხედფინალში ჯეიმს მილნერისა და ჯორდან ჰენდერსონის ინგლისი დაამარცხა.

იმავე დე როსის იტალიამ კი 2014 წლის მუნდიალზე ინგლისს, რომლის რიგებში ჰენდერსონი და ადამ ლალანა ირჯებოდნენ 2:1 მოუგო.

ჰენდერსონი, ლალანა და ოქსლედ-ჩემბერლენი დაუპირისპირდნენ ლორენცო პელეგრინის 27 მარტს, ინგლისისა და იტალიის ამხანაგურ მატჩში, რომელიც “უემბლიზე” 1:1 დასრულდა.

2016 წლის სექტემბერში ჯეკომ რაგნარ კლავანის ესტონეთს გოლი გაუტანა და ბოსნიამ 5:0 მოიგო.

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში:

სიმონ მინოლე და რაჯა ნაინგოლანი (ბელგია)

რობერტო ფირმინო და ალისონი (ბრაზილია)

ვირჯილ ვან დეიკი, ჟორჟინიო ვეინალდუმი და კევინ სტროტმანი, რიკ კარსდორპი (ჰოლანდია)

ერთად უთამაშიათ:

ჟირჟინიო ვეინალდუმი და კევინ სტროტმანი (პსვ ეინდჰოვენი, 2011-2013)

ჯეიმს მილნერი და ალექსანდრ კოლაროვი, ედინ ჯეკო (“სიტი”, 2010-2015)

ალბერტო მორენო და ფედერიკო ფაციო, დიეგო პეროტი (“სევილია”, 2011-2014)

ფატქები

“ლივერპული”

ჯორდან ჰენდერსონმა დისკვალიფიკაცია მოიხადა და ბრუნდება.

“ლივერპულს” მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (33). ეს ინგლისური გუნდებისთვის აბსოლუტური რეკორდია. მოჰამაედ სალაჰსა და რობერტო ფირმინოს ანგარიშზე 8-8 გოლია, სადიო მანემ კი, შვიდჯერ დაამწუხრა მეტოქეები.

იურგენ კლოპის გუნდს მიმდინარე სეზონში “ენფილდ როუდზე” 25 მატჩიდან 1 აქვს წაგებული (16 მოგება, 8 ფრე). ბოლო სამ საშინაო თამაშში კი 11 გოლი გაიტანა.

“ლივერპულმა” ბოლო 24 მატჩიდან (ყველა ტურნირის ჩათვლით) მხოლოდ სამჯერ დატოვა მოედანი უგოლოდ.

ბოლო 14 მატჩიდან 10 მოიგო და ერთადერთხელ დამარცხდა (ყველა ტურნირის ჩათვლით).

მოჰამედ სალაჰმა ბოლო 18 მატჩში 20 გოლი გაიტანა. პრემიერლიგის 33 მატჩში კი, 31 გოლი აქვს გატანილი (40 ყველა ტურნირის ჩათვლით). ეს საუკეთესო შედეგია “ლივერპულის” ფეხბურთელებს შორის 1987 წლის შემდეგ (იან რაში).

7 აპრილს ნათანიელ კლაინმა ითამაშა და ეს იყო მისი პირველი მატჩი 2017 წლის მაისიდან მოყოლებული. კლაინს ზურგის ტრავმა აწუხებდა.

ადამ ლალანა და ჟოელ მატიპი ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ. ისევე, როგორც მოედანზე ვერ გავლენ ჯო გომესი და ემრე ჯანი. პირველმა ტრავმა 23 მარტს, ხოლო მეორემ 17 მარტს მიიღო.

“რომა”

“რომა” ოთხი მატჩია დაუმარცხებელია. “ბარსელონასთან” 3:0 მოგების შედეგ კი, “ჯალოროსიმ” რომაული დერბი ფრედ დაასრულა (0:0).

“ჯალოროსიმ” ბოლო 10 საგარეო მატჩიდან მხოლოდ ორი წააგო (ყველა ტურნირის ჩათვლით). “შახტართან” და “ბარსელონასთან”, მაგრამ საგულისხმოა, რომ ორივე შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ჯენგიზ იუნდერმა “ჯენოასთან” მეექვსე გოლი გაიტანა ბოლო 9 მატჩში. არცერთ შემთხვევაში თურქს 90 წუთი არ უთამაშია.

“ჯენოასთან” მატჩი ედინ ჯეკოსთვის მეასე იყო იტალიის ჩემპიონატში (51 გოლი). ბოსნიელი პირველი ფეხბურთელი გახდა, ვისაც 50 გოლი აქვს გატანილი ბუნდესლიგაში, სერია ა-სა და პრემიერლიგაში.

17 აპრილს, ლუკა პელეგრინიმ “რომასთან” კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა.

გრეგუა დეფრელმა ოპერაცია გაიკეთა და ვერ ითამაშებს. ისევე, როგორც რიკ კარსდორპი. დიეგო პეროტი კი, გუნდს დაუბრუნდა.

0.11321