ფეხბურთი

2:07 | 23.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

სკუდეტო ნეაპოლისკენ დაიძრა

ნეაპოლში შესაძლოა, მალე ვულკანმა ამოხეთქოს. დიახ, რადგან ამ ქალაქის სიამაყე, საფეხბურთო კლუბი, ძალიან ახლოსაა სკუდეტოსთან! ტიტულთან, რომელიც იტალიაში ყველაზე მეტად ფასობს და რომელიც “ნაპოლიმ” ბოლოს 1990 წელს დაისაკუთრა.

4 ტურია დარჩენილი და “იუვენტუსი” ისევ უსწრებს “ნაპოლის”, მაგრამ... მაგრამ, ორი ტურის წინ ტურინელთა უპირატესობა 6 ქულა იყო, 1 ტურის 4, ახლა – 1. მოკლედ, ყველაფერი დარჩენილ 1 თვეში გაირკვევა. ფაქტია ისიც, რომ ნეაპოლელებმა უდიდესი მუხტი მიიღეს ტურინში გამარჯვებით და ძნელი სავარაუდოა, რომ სეზონის ბოლომდე ქულა დაკარგონ. აი, “იუვენტუსის” ბანაკში ყველაფერი პირიქითაა და ყველაფერს ისიც ემატება, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდს უმძიმესი კალენდარი აქვს. ამაზე ქვემოთ, იქამდე, “ალიანც სთედიუმზე” შევიხედოთ.

თავიდანვე ვთქვათ, რომ მაქს ალეგრიმ მაურიციო სარისთან ტაქტიკური ჭიდილი აშკარად წააგო, პირველივე წუთიდან. საერთოდ, ალეგრიმ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც სასტარტოში გაამწესა ბენედიქტ ჰიოვედესი და კვადვო ასამოა, რასაც ჯორჯო კიელინის ტრავმაც დაემატა და იძულებითი ცვლილება. “ნაპოლის” კი დასაკარგი არაფერი ჰქონდა. ბევრი მომენტი არ შექმნილა, მაგრამ სტუმრებმა აშკარად დაიმსახურეს სამი ქულა და საწადელს მიაღწიეს კიდეც.

“იუვენტუსს” კარში არ დაურტყამს. იცით, რომ ასეთი რამ ტურინელების საშინაო თამაშში 2011 წლის შემდეგ პირველად მოხდა? ეს დიდწილად ნეაპოლელთა დიდებულმა პრესინგმა განაპირობა. “იუვეს” არათუ კარში დარტყმა, მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოვებაც კი ძალიან უჭირდა. საპასუხოდ, “ნაპოლი” იკბინებოდა და 90-ე წუთზე კალიდუ კულიბალიმ ლურსმანი ჩააჭედა ტურინელთა საჩემპიონო ამბიციებს.

“იუვენტუსი” 85 ქულა, “ნაპოლი” – 84. ოთხი ტური წინაა, “იუვე” კი ორ ურთულეს გასვლით მატჩს ჩაატარებს. 28 აპრილს, “ინტერთან”, 13 მაისს, “რომასთან”. საპასუხოდ, მაურიციო სარის ბიჭებისთვის ყველაზე რთულ მატჩად ფლორენციაში, “ფიორენტინასთან” მატჩი მოსჩანს. მოკლედ, “ნაპოლი” ჯერაც მდევარია, მაგრამ ნეაპოლში ვულკანი ამოხეთქვას აპირებს...

“იუვენტუსი” – “ნაპოლი” 0:1 (0:0) VIDEO

ტურინი, “ალიანც სთედიუმი”

მაყურებელი: 41 000

“იუვენტუსი” (4-3-3): ბუფონი; ჰიოვედესი, ბენატია, კიელინი (ლიხშტაინერი 11), ასამოა; ხედირა, პიანიჩი, მატუიდი; დუგლას კოშტა (მანჯუკიჩი 71), იგუაინი, დიბალა (კუადრადო 46)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი; ალანი (როგი 80), ჟორჟინიო, ჰამშიკი (ზიელინსკი 66); კალეხონი, მერტენსი (მილიკი 61), ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლი: 0:1 კულიბალი (90)

გაფრთხილება: ბენატია (9), ასამოა (9), პიანიჩი (27) – ალბიოლი (16)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 3 (0) – 14 (6) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 3:4

მსაჯი: ჯანლუკა როკი

“კალიარი” – “ბოლონია” 0:0 (0:0)

“ატალანტა” – “ტორინო” 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 ფროილერი (53), 1:1 ლიაიჩი (56), 2:1 გოსენსი (64)

“კიევო” – “ინტერი” 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 იკარდი (50), 0:2 პერიშიჩი (61), 1:2 სტეპინსკი (90)

“ლაციო” – “სამპდორია” 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 მილინკოვიჩ-სავიჩი (32), 2:0 დე ვრეი (43), 3:0 იმმობილე (85), 4:0 იმმობილე (88)

“უდინეზე” – “კროტონე” 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 ლასანია (5), 1:1 სიმი (7), 1:2 ფარაონი (86)

თეგებისერია A
0.44263