ფეხბურთი

0:54 | 23.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “სიტიმ” საჩემპიონო ზეიმი მოიწყო

“მანჩესტერ სიტი” საკუთარი გულშემატკივრების წინაშე, პრემიერლიგის 2017/2018 წლების სეზონის გათამაშების ჩემპიონის სტატუსით პირველად წარსდგა და შეკრებილ პუბლიკას მშვენიერი ზეიმი მოუწყო.

“ქალაქელები” გასავარდნ ზონასთან ახლოს მყოფ “სუონსის” დაუხვდნენ და შავი დღე აყარეს. მასპინძლებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და ანგარიში მალევე გახსნეს. მე-12 წუთზე მარცხენა ფლანგიდან სწრაფი შეტევა განახორციელეს, რომელიც ახლო მანძილიდან დავიდ სილვამ დააგვირგვინა, ოთხ წუთში კი ფაბიან დელფმა დავიდ სილვასთან მშვენიერი კედელი გაითამაშა, შემდეგ კი კარის გასწვრივ კარგი გადაცემა გააკეთა და რაჰიმ სტერლინგს ცარიელ კარში გაატანინა.

ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებმა მეორე ნახევარში კიდევ უფრო უკეთ ითამაშეს და “გედებს” სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს. 54-ე წუთზე კევინ დე ბრუინმა უძლიერესად გაისროლა და შესანიშნავი გოლი გაიტანა, ათ წუთში გაბრიელ ჟეზუსმა პენალტი ვერ გაიტანა, ბურთი ძელს გაარტყა, თუმცა დამატებაზე ბერნარდო სილვამ ივარგა, ხოლო 88-ე წუთზე ჟეზუსმა შეცდომა გამოასწორა და იაია ტურეს შესანიშნავი გადაცემა დაუფასა – 5:0.

“არსენალმა” საკუთარ მოედანზე თანაქალაქელი “ვესტ ჰემი” მიიღო, შეხვედრის ბოლოსკენ გატეხა და ევროპა ლიგის საგზურის განაღდებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. უგოლო პირველი ნახევრის შემდგომ, ანგარიში 51-ე წუთზე გახსნა, ჯაკას მოწოდებულ კუთხურს ნაჩო მონრეალის მიწაზე დაუშვებლად დარტყმული მოჰყვა, რომელსაც ჯო ჰარტი ვერ გაუმკლავდა. წონასწორობა მარკო არნაუტოვიჩმა აღადგინა და 64-ე წუთზე უძლიერესი ოსპინა უშანსოდ დატოვა. მასპინძლებმა სამი ბურთის გატანა დასკვნით ათ წუთში მოახერხეს: 82-ე წუთზე აარონ რემსიმ მეორედ დააწინაურა “არსენალი”, ხოლო შემდეგ ალექსანდრე ლაკაზეტმა დუბლი გაიფორმა – 4:1.

“სტოკმა” საკუთარ მოედანზე “ბარნლის” ვერ მოუგო და საკუთარ თავს მძიმე განაჩენი გამოუტანა. “დურგლებს” 29 ქულა აქვთ და მე-17 ადგილოსან “სუონსის” 4 ქულით ჩამორჩებიან, რომელსაც ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული. შესაბამისად, "სტოკი" უდიდესი ალბათობით ჩემპიონშიფში დაქვეითდება.

არსენალი – ვესტ ჰემი 4:1 (0:0)

გოლები: 1:0 მონრეალი (51), 1:1 არნაუტოვიჩი (64), 2:1 რემსი (82), 3:1, 4:1 ლაკაზეტი (85; 89)

სტოკი – ბარნლი 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ნდიაიე (11), 1:1 ბარნსი (62)

მანჩესტერ სიტი – სუონსი 5:0 (2:0)

გოლები: 1:0 დ.სილვა (12), 2:0 სტერლინგი (16), 3:0 დე ბრუინი (54), 4:0 ბ.სილვა (64), 5:0 ჟეზუსი (88)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.248735