ევროლიგის პლეი-ოფში ჩაერთო თორნიკე შენგელიას “სასკი ბასკონია”, რომელიც სტამბულში მოქმედ ჩემპიონ “ფენერბახჩეს” ესტუმრა და დამარცხდა – 73:82.
მატჩი თურქული გუნდის უპირატესობით დაიწყო და მასპინძლებმა პირველი ტაიმის შემდეგ კომფორტული უპირატესობაც შეიქმნეს. მიუხედავად იმისა, რომ “ბასკონიამ” მესამე და მეოთხე პერიოდებში უკეთ ითამაშა, სერიის პირველი შეხვედრა ვერ გადაარჩინა.
ბასკებს ქართველი კაპიტანი ლიდერობდა. შენგელიამ 24:52 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 10-დან 4 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი კალათში ვერ მოათავსა.
შენგელია თავისი გუნდის რიგებში, როგორც შედეგიანობის, ისე მარგი ქმედების კოეფიციენტის მხრივ (19) საუკეთესო იყო. ხოლო ორივე გუნდის შემადგენლობაში 16 ქულაზე მეტი არავის ჩაუგდია, ანალოგიური შედეგი ჰქონდა ბრედ ვანამაკერს.
სერიის მეორე შეხვედრა კი 20 აპრილს, ისევ სტამბულში გაიმართება.