ფეხბურთი

17:53 | 17.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე გორგიაშვილი: „საბურთალოს" ლიდერობა შემთხვევითი არაა“

გამოცდილი ფეხბურთელი თორნიკე გორგიაშვილი წლეულს შეუერთდა „საბურთალოს“ და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. 30 წლის ნახევარმცველმა ეროვნული ლიგის გასულ ტურში, „დინამოსთან“ დედაქალაქურ დერბიში გატანილი შესანიშნავი გოლით თავისიანებს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოაპოვებინა (VIDEO). ამ მატჩის შემდეგ თორნიკემ "საბურთალოს" პრესსამსახურთან ისაუბრა.

თორნიკე გორგიაშვილი: „დინამოს“ ვეთამაშებოდით და რა თქმა უნდა, რთულ თამაშს ველოდით. ვფიქრობ, ერთსულოვნებისა და უფრო მეტი მონდომების ხარჯზე მოვახერხეთ მიზნის მიღწევა. ძალიან გვსურდა თბილისურ დერბიში გამარჯვება, ამასთანავე ჩვენ და „დინამო“ უშუალო კონკურენტები ვართ. ზოგიერთი ადამიანისგან გაგონილი მქონდა, რომ ჩვენი პირველი ადგილი დროებითი იყო. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ის პოზიცია, რომელიც „საბურთალოს“ ცხრილში უკავია, არ არის შემთხვევითი. „დინამოსთან“ მატჩამდე „ლოკომოტივთან“ დავმარცხდით, არადა მანამდე ასპროცენტიანი შედეგით მივდიოდით. კარგია, რომ „რკინიგზელებთან“ წაგება მალევე დავივიწყეთ და მოვახერხეთ 3 ქულის აღება".

- გოლის ეპიზოდს როგორ გაიხსენებთ?

- ბურთის მიღებისას მქონდა იმის დრო, რომ მდგომარეობა შემეფასებინა. უცებ რაც გავიფიქრე იყო ის, რომ ბურთი გამეგზავნა კარში. თავი რომ ავწიე, სიზუსტეზე გავაკეთე აქცენტი და საბოლოოდ ლამაზი გოლი გამოვიდა. ძალიან გამიხარდა, თან გამარჯვების მომტანი გოლი გამოდგა.

- „საბურთალოს“ ბურთის კონტროლი უყვარს და მეტოქეებთან პირველ ნომრად თამაშობს, თუმცა „დინამოსთან“ ბურთის ფლობის უკეთესი მაჩვენებელი მეტოქეს ჰქონდა. რა იყო ამის მიზეზი?

- მოწინააღმდეგე საკუთარ კედლებში თამაშობდა და ბუნებრივია, პირველ ნომრად თამაში სურდა. ამავდროულად, საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგეს ვეთამაშებოდით, რომელიც ასევე შემტევ და სწრაფ ფეხბურთს თამაშობს. სიმართლე გითხრათ, მათი თამაში ძალიან მომეწონა, აშკარად ჩანს, რომ პროგრესირებენ. დედაქალაქურ დერბიში „დინამომ“ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ჩვენი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა მაშინ, როდესაც მოედანზე კაცნაკლულები დავრჩით - ბოლო 20 წუთი უმცირესებოში გავატარეთ. კონტრშეტევებზე ვთამაშობდით და ძირითადად ანგარიშის შენარჩუნებას ვცდილობდით.

- „საბურთალოსგან“ ასეთ სტარტს თუ ელოდით?

- „საბურთალოს“ პროგრესი და წინსვლა აშკარად შესამჩნევია. კლუბში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ირიცხება, რომელიც აკადემიის აღზრდილია. ამავდროულად, „საბურთალომ“ წლეულს რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა. ამ ყველაფერს დავუმატოთ მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის ფაქტორი, რომელსაც ყოველთვის დიდი მიზნები და გეგმები აქვს. მოხარული ვარ, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს „საბურთალოს“ წარმატებაში. ეს შედეგი მოულოდნელი ნამდვილად არ არის, მოულოდნელი ქვედა პოზიციებზე ყოფნა იქნებოდა.

- ექვსი ტური მიილია და გარკვეული წარმოდგენა შეგექმნებოდათ ჩემპიონატზე. შეადარეთ გასული და წლევანდელი ეროვნული ლიგა?

- ადვილი თამაშები არ არსებობს, ყველა მოტივირებულია. ეროვნული ლიგა ნელ-ნელა ძალებს იკრებს, უფრო ყურებადი ხდება. კარგია, რომ ბუნებრივსაფრიან მოედნებზე გვიწევს თამაში, ეს ფაქტორი ხელს უწყობს, რომ გუნდებმა სწრაფად ითამაშონ.

- ეროვნული პირველობა მარათონულია, კლუბებს ჩემპიონატში 36 თამაშის ჩატარება უწევთ. რა არის იმისათვის საჭირო, რომ პირველობის ბოლომდე „საბურთალომ“ ადგილი შეინარჩუნოს?

- მთავარი ფეხბურთელების ჯანმრთელობაა. თუ ყველანი კარგად ვიქნებით, ვფიქრობ ჩვენი მიზნები შესრულდება. გვაქვს დიდი სათადარიგოთა სკამი, რომლის გარეშეც წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენელია. ჩემპიონატის შეხვედრების გარდა, არის სათასო მატჩებიც, სადაც ასევე კარგად უნდა წარმოვაჩინოთ თავი. დღესდღეობით „საბურთალოში“ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ჯერჯერობით არ მისცემიათ თამაშის შესაძლებლობა, რადგან კლუბში დიდი კონკურენციაა.

ღმერთის წყალობით „საბურთალოში“ ყველაფერი კარგადაა, სასიამოვნო ატმოსფერო სუფევს. ამდენი ფეხბურთელი ერთ მუშტად შეკრული „ზესტაფონის“ მერე არ მინახავს. მიხარია ვარჯიშზე მისვლა, თანაგუნდელების და მეგობრების ნახვა. აქედან გამომდინარეა, რომ ახალ კლუბში ადაპტაცია იოლად გავიარე. კლუბში რომ ასეთი ერთულოვნება სუფევს, ეს ყველაფერი მთავარი მწვრთნელის და მისი გუნდის დამსახურებაა.

0.073858