ფეხბურთი

21:22 | 15.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “მანჩესტერ სიტი” ჩემპიონია!

“მანჩესტერ სიტი” ინგლისის 2017/2018 წლების სეზონის ჩემპიონატის გამარჯვებულია. “ქალაქელებმა” ტიტული გათამაშების დასრულებამდე ხუთი შეხვედრით ადრე გაინაღდეს.

ხოსეპ გვარდიოლას შეგირდები ჩემპიონობის მოპოვებასთან წინა ტურში ძალიან ახლოს იყვნენ. პირველი ტაიმის შემდგომ, თანაქალაქელ “იუნაიტედს” საკუთარ მოედანზე 2:0-ს უგებდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში სამი უპასუხო ბურთი გაუშვეს და პრინციპული მეტოქის წინაშე, თასის აღმართვის ისტორიული შანსი გაუშვეს ხელიდან.

“ქალაქელებმა” გუშინ გასვლაზე “ტოტენჰემი” დაამარცხეს (3:1), თუმცა მათი ჩემპიონობა ამ ტურის შემდგომ ნაკლებად გახლდათ მოსალოდნელი, რადგან “მანჩესტერ იუნაიტედი” “ოლდ ტრაფორდზე” წყალწაღებულ “ვესტ ბრომვიჩს” ეთამაშებოდა, მაგრამ ჟოზე მოურინიოს გუნდი სენსაციურად დამარცხდა და “სიტი” ქვეყნის ჩემპიონი მეხუთედ გახდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე გავიდა: სტუმრებმა კუთხური მოაწოდეს, მცველების შეცდომით კი ჯეი როდრიგესმა ისარგებლა და თავური დარტყმით 3 ქულის მომტანი ბურთი გაიტანა. “ვესტ ბრომვიჩი” მაინც უშანსოდაა, რადგან 34 შეხვედრის შემდგომ 24 ქულა აქვს და მე-17 ადგილოსან “სუონსის”, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 9 ქულით ჩამორჩება. ცნობისთვის, 13 იანვრის ანუ 23-ე ტურის შემდგომ, “ბულბულებმა” პრემიერლიგაში პირველად იმარჯვეს.

დღის მეორე მატჩში “ნიუკასლმა” საკუთარ მოედანზე “არსენალი” დაამარცხა, ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და პრემიერლიგაში დარჩენა გაინაღდა. ანგარიში მე-14 წუთზე ალექსანდრე ლაკაზეტმა გახსნა, მაგრამ “მეთოფეებმა” უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. წონასწორობა 15 წუთში აიოზე პერესმა აღადგინა, რომელმაც დეანდრე იედლინის გადაცემა გამოიყენა და ერთი შეხებით შეაგდო, ხოლო 68-ე წუთზე პერესმა დასარტყმელ პოზიციაზე რიტჩი გაიყვანა და მანაც ახლო მანძილიდან გამარჯვების შეაგდო – 2:1.

მანჩესტერ იუნაიტედი – ვესტ ბრომვიჩი 0:1 (0:0)

გოლი: ჯ.როდრიგესი (73)

ნიუკასლი – არსენალი 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 ლაკაზეტი (14), 1:1 ა.პერესი (29), 2:1 რიტჩი (68)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119932