ალბათ ეჭვგარეშეა, რომ 11 აპრილს, მადრიდში, ლეგენდარულ “სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართული მადრიდის “რეალისა“ და ტურინის “იუვენტუსის“ მატჩი კიდევ დიდი ხნის მანძილზე იქნება კამათის საგანი და იმასაც ვეჭვობ, რომ წლების შემდეგ კიდევ იმსჯელებენ მსაჯის გადაწყვეტილების ლოგიკურობაზე, პენალტის დასადებობა-არდასადებობაზე, ჯანლუიჯი ბუფონის გაძევების მიზეზებზე და ზოგადად იმაზე, სამართლიანად დასრულდა თუ არ ეს შეხვედრა.
მნიშვნელოვან მატჩებს მუდმივად სდევს ინტრიგა და რომელი გუნდის თავგადაკლული ქომაგიც კი არ უნდა იყო, მაინც უნდა აღიარო ის, რომ ფეხბურთის გულშემატკივრობა ხშირად ყველას გვაკარგვინებს ობიექტურობას და შეიძლება ჩვენც კი დავდგეთ და თეთრზე ვამტკიცოთ რომ შავია და პირიქით. თუმცა, ამჯერად ვძლიოთ საკუთარ სურვილებს, გულისტკენებს და ვეცადოთ ობიექტურად გადავხედოთ იმ მოვლენებს, რაც რამდენიმე დღის წინ ესპანეთის დედაქალაში განვითარდა. ნუ, შევეცადოთ მაინც... ამ საკითხზე ჩემს მოსაზრებებს პუნქტობრივად ჩამოვწერ.
- მადრიდის “რეალი“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფეხბურთო კლუბია, ყავდა, ყავს და ეყოლება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები, მომავალში კიდევ მრავალ ტურნირს მოიგებს და ნამდვილად არ რგებს მის იმიჯს, რომ მატჩის ბოლო წუთზე დანიშნული სადავო (თუნდაც სწორად დადებული) პენალტით გავიდა შემდეგ ეტაპზე.
- ფეხბურთის წესებს სკუპულოზურად რომ გავყვეთ, პენალტი შეიძლება დასადები იყო, მაგრამ იგივე სიტუაციაში მსაჯი დაუდებდა პენალტს ტურინელებს?
- არაფერი დასაძრახი და სათაკილო არაა კრიშტიანუ რონალდუს საქციელში, რომელმაც პენალტის გატანა დიდი ემოციებით აღნიშნა. პენალტს გატანა უნდა და სიხარულს კი ვინ როგორ გამოხატავს მისი საქმეა.
- ჩემპიონთა ლიგაზე მსაჯების დონე ზოგადად ვერ უძლებს კრიტიკას. ამ წყვილის პირველ მატჩში ტურინის “იუვენტუსსაც“ და “რეალსაც“ არ დაუდეს 100%-იანი პენლები და კაცმა არ იცის იმ 11 მეტრიანების დადების შემდეგ მეორე მატჩში მოვლენები როგორ წარიმართებოდა.
- ჯანლუიჯი ბუფონის გაძევება მსაჯის მხრიდან იყო მიუტევებელი საქციელი და უნამუსობა. მით უმეტეს, როდესაც მსაჯმაც და ყველამ კარგად ვიცით თუ ვინაა ბუფონი, რა გაუკეთებია და იმსახურებს თუ არა ასეთ მოპყრობას.
- ტურინის “იუვენტუსი“მხოლოდ პატივისცემას, დაფასებას და აღიარებას იმსახურებს. ამ გუნდმა ფაქტობრივად წარმოუდგენელი რამ შეძლო და რომ არა უიღბლობა და მსაჯის საკამათ მოქმედებები, ვინ იცის - ეგებ დიდი სასწაულიც გამოეჭედა!
- ტურინელი ქომაგები ბევრად უფრო ღირეულად შეხვდნენ მარცხს, ვიდრე მადრიდელები მარცხსა და გამარჯვებას. შეგახსენებთ, რომ იტალიელებმა პირველი მატჩის გმირი - პორტუგალიელი რონალდუ ოვაციებით გააცილეს მოედნიდან, განმეორებით მატჩში კი ფანტასტიურად მოთამაშე “იუვენტუსისათვის“ დაფასებას ვინ ჩივის - სტვენისა და კრულვის მეტი არაფერი გაუმეტებიათ.
- ცხოვრებაც გრძელდება და ფეხბურთის ისტორიაც. ხვალ ვის სად დაუცდება ფეხი არ ვიცით.
- ჯიჯი ბუფონი დიდებული კაცია!
სათქმელი ალბათ კიდევ ბევრია და ყველას ჩვენ-ჩვენი აზრებიც გვექნება. მაგრამ მოდით ამჯერად ეს ვიკმაროთ...