საკალათბურთო კლუბი “მგზავრები” რეკორდზე მიდის. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს მარნეულის “დელტას” სძლია და წარმატებული მატჩების სერია ექვსამდე გაზარდა. მიმდინარე სეზონში საუკეთესო შედეგი “დინამოს” აქვს, რომელმაც სუპერლიგა ზედიზედ 7 მოგებით დაიწყო.
“მგზავრების” კალათბურთელები მართლაც ჩინებულ ფორმაში არიან. ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 15 მარტიდან მოყოლებული 6 მატჩი გამართა – "ქუთაისთან", "რუსთავთან", "კაკტუსთან", "სოხუმთან", "ოლიმპთან", "დელტასთან" და ყველა მოიგო. დღევანდელ მატჩში “მგზავრები” მესამე პერიოდამდე მარცხდებოდა, თუმცა 10:0 მოგებული 3-წუთიანი მონაკვეთის შემდეგ გარდატეხა მოახდინა.
“დელტას” ნომინალური ცენტრი არ ჰყავს და ქვემოქართლელებს მთელი თამაშის განმავლობაში უჭირდათ მეტოქის მეფარეების – ირაკლი ალხანაიძისა და ბერნარდ ნკალის შეჩერება. სანამ “მგზავრების” უკანა ხაზი მესამე პერიოდში მთელი გაქანებით ამოქმედდებოდა, თამაშმა სწორედ მეფარეების მხრებზე გადაიარა. ალხანაიძის მიმდინარე სეზონის საუკეთესო შედეგი 16 ქულა გახლდათ, დღეს კი მან 24 მოიხვეჭა და “მგზავრების” გამარჯვებაში გამორჩეული წილი დაიდო.
მეოთხე პერიოდში, როცა “დელტა” ჩამორჩა, მათ ლიდერ ლევან ფაცაციას ნერვებმა უმტყუნა. ფაცაციამ გააპროტესტა მსაჯის გადაწყვეტილება, რის გამოც ორჯერ ტექნიკური ჯარიმა დაიმსახურა და მოედნის დატოვება მოუხდა. აქ კი საბოლოოდ გადაწყდა მარნეულელთა ბედი – “მგზავრებმა” მატჩი 85:76 მოიგო.
ალხანაიძის 24 ქულის კვალზე 20 ქულა მიითვალა კახა ჯინჭარაძემ. 14 ქულით დაასრულა მატჩი ადრიან ბოუიმ, ხოლო ბერნარდ ნკალის ანგარიშზე 9 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა. მარნეულელთაგან 21 ქულით საუკეთესო გახლდათ დეანდრე რეი. 16 ქულა ნიკოლას ნილმა მიითვალა, ზვიად ანთაძემ კი პირად ანგარიშზე 11 ქულა ჩაიწერა.
მგზავრები – მარნეული 85:76
მატჩისშემდგომი კომენტარები
თემურ კანკია (“დელტას” მთავარი მწვრთნელი): “ცუდად ვითამაშეთ, განსაკუთრებით მეორე ნახევარში. დაცვამ ვერ იმუშავა, ვერ შევაჩერეთ მეტოქის სწრაფი შეტევები და ლოგიკური შედეგი მივიღეთ. რაც შეეხება “მგზავრებს”, ეს გუნდი მართლაც შესანიშნავ ფორმაშია და დამსახურებულად იგებს თამაშებს. ჩვენი მიზანი ახლა ისაა, რომ პლეი ოფის მატჩებს მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ”
ბუბა ბერიშვილი (“მგზავრების” მთავარი მწვრთნელი): “ზედიზედ მე-6 გამარჯვება ნამდვილად კარგი შედეგია, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, ცხრილში პოზიცია გაგვემყარა. ვნახოთ, დარჩენილ მატჩებშიც ვეცდებით წარმატების მიღწევას და შემდეგ პლეი ოფის დროც მოვა. იმედი მაქვს, ეს მოგებები საშუალებას მოგვცემს, პლეი ოფს შედარებით კარგ ვითარებაში შევხვდეთ. ჩვენი მიზანია, ეს ტემპი შევინარჩუნოთ გადამწყვეტი მატჩებისთვის”.
gbf.ge