“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა “ლივერპულთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩის წინ ამბობს, რომ მისმა გუნდმა იდეალური თამაში უნდა ჩაატაროს, რათა ამ დაპირისპირების ბედი სათავისოდ შეაბრუნოს.
“მომდევნო ეტაპზე რომ გავიდეთ, თითქმის იდეალური მატჩი უნდა ჩავატაროთ - შევქმნათ მომენტები, შევძლოთ მათი რეალიზება და მეტოქეს შეტევის ნაკლები შანსი მივცეთ. ნახევარფინალში მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გავალთ. გვაქვს 90 წუთი, ფეხბურთში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ არაერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ საგოლე მომენტების შექმნა დროის მცირე მონაკვეთშიც შეგვიძლია” - განაცხადა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე გვარდიოლამ, რომლის გუნდი “ლივერპულთან” პირველ შეხვედრაში “ენფილდზე” 0:3 დამარცხდა, საპასუხო თამაში კი მანჩესტერში, დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.