ფეხბურთი

18:13 | 5.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება და "ჩიხურას" პირველი მარცხი

საქართველოს ეროვნული ლიგაში მეხუთე ტურის შემდეგ ორხელისუფლიანობაა. “საბურთალოს” წაგებით ისარგებლა “დინამომ”, რომელიც თანაქალაქელს სატურნირო ცხრილში გაუტოლდა.

კახა კაჭარავას გუნდმა “დავით პეტრიაშვილზე” საჩხერის “ჩიხურა” დაამარცხა – 2:1. სამივე გოლი პირველ ტაიმში და საერთოდ, მატჩის დასაწყისში გავიდა. ჯერ ხარაბაძის ჩაწოდების შედეგად ნიკა ძალამიძემ გაიტანა ახლო მანძილიდან, რომელიც მასპინძლებმა უყურადღებოდ დატოვეს. მალევე, “დინამოს” ანგარიშის გაზრდა შეეძლო, მაგრამ ბუდუ ზივზივაძეს დიდებული შანსი ვერ გამოიყენა – პენალტი დინო ჰამზიჩმა კუთხურზე მოიგერია.

ამისთვის, სტუმრები დაისაჯნენ. დავით კობოურის შეცდომით ჩინებულად ისარგებლა გიორგი გაბედავამ, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან თავზე გადაუგდო დემეტრე ბულისკერიას. დინამოელთა კიპერი აშკარად ცუდ პოზიციაში იმყოფებოდა და მოულოდნელიც იყო მისთვის გაბედავად გადაწყვეტილება. მოკლედ, გოლი კობოურისა და ბულისკერიას შეცდომებს მოჰყვა. მიუხედავად ამისა, კაჭარავას გუნდმა ტაიმი მაინც მოიგო. ოთარ კიტეიშვილმა ჯარიმა ჩინებულად შეასრულა, მართალია, ჰამზიჩმა არანაკლებ ლამაზ ნახტომში მოიგერია, მაგრამ ხაზის მსაჯმა გოლი დააფიქსირა. გამეორებაზე კარგად არ აგმოჩნდა გადაკვეთა თუ არა ბურთმა ბოლომდე კარის ხაზი... მოკლედ საკამათო ეპიზოდი იყო, მაგრამ გოლი ჩაითვალა.

როგორც გაირკვა, სწორედ ამ გოლმა მოუტანა “დინამოს” სამი ქულა. მეორე ტაიმში “ჩიხურა” უპირატესობას ფლობდა და ჰქონდა კიდეც ანგარიშის გათანაბრების შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენა. ყველაზე ახლოს ამასთან გაბედავა გახლდათ. თუმცა, გიორგიმ 69-ე წუთზე ბულისკერიას თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ვერ აჯობა.

“ჩიხურამ” სეზონში პირველი თამაში წააგო და 8 ქულით მესამე ადგილზეა, “დინამომ” კი, მიჯრით მეოთხე შეხვედრა მოიგო და “საბურთალოსთან” ერთად 12 ქულით ლიდერობს ეროვნულ ლიგას.

“ჩიხურა” – “დინამო” 1:2 (1:2)

თბილისი, “დავით პეტრიაშვილი”

“ჩიხურა” (4-4-2): ჰამზიჩი; კაშია, მაისაშვილი, მირცხულავა, მეგრელიშვილი (იონანიძე 86); ბუღრიძე, კაკუბავა, ჩიკვაიძე, კახაბრიშვილი (ჩიხლაძე 56); გაბედავა, მარკოზაშვილი

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

“დინამო” (4-2-3-1): ბულისკერია; რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე; კიტეიშვილი, კუცია (ივანისენია 84); შულაია, ძალამიძე (ქოჩლაძე 63), ივანიშვილი (თევზაძე 90); ზივზივაძე

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გოლები: 0:1 ძალამიძე (4), 1:1 გაბედავა (18), 1:2 კიტეიშვილი (22)

გაფრთხილება: მირცხულავა (21) – ხარაბაძე (68), კიტეიშვილი (84), შულაია (90)

გამოუყენებელი პენალტი: გაბედავა (69, მეკარე) - ზივზივაძე (11, მეკარე)

მსაჯი: ჯ. ხორავა

0.199242