“ბარსელონამ” “რომას” დამარცხებას ზუსტად იმდენი ძალა დაახარჯა, რამდენიც საჭირო იყო – 4:1. კატალონური გრანდი 90 წუთის განმავლობაში არ აჩქარებულა და თითქოს მძიმედ ითამაშა იტალიურ გუნდთან, მაგრამ ნათელი იყო, რომ მოენდომებინა, გაცილებით დიდი ანგარიშით მოიგებდა. თუმცა, სიტუაცია მეტს არ მოითხოვდა.
“რომამ” კი მეტად კურიოზული ფეხბურთი აჩვენა – სამი გოლი გაიტანა, ერთი საგოლე პასიც გააკეთა, მაგრამ 1:4 წააგო. როგორ? რომაელებმა ორჯერ საკუთარ კარი დალაშქრეს, ხოლო ბოლოს ლუის სუარესს ჩემპიონთა ლიგაზე გოლი 392 დღის შემდეგ მაქსიმ გონალონმა გაატანინა, რომელმაც ისე დაუგდო ბურთი ურუგვაელს, ვეჭვობთ, კარიერის განმავლობაში თანაგუნდელისთვის არ ექნება მსგავსი კარგი საგოლე პასი გაკეთებული...
მანამდე იყო დანიელე დე როსის ასევე ლამაზი ავტოგოლი. რომაელთა კაპიტანმა ლეო მესისაც ჩაუჭრა ინიესტას პასი და საკუთარ კარშიც ჩაჭრა. მეორე ტაიმში კოსტას მანოლასმა საწადელი აიხდინა და ჯერ ძელს მოარტყა, მერე დაამატა და გოლიც გაიატანა – რა თქმა უნდა, საკუთარ კარში. ერთი ეგ იყო, ჟერარ პიკემ და ედინ ჯეკომ გაცვალეს გოლები. ერთი საინტერესო ფაქტიც - მიმდინარე ლიგაზე, "ბარსელონას" საუკეთესო ბომბარდირი ლეო მესია (6 გოლით), ხოლო მეორე ადგილზემეტოქე გუნდის ფეხბურთელები არიან (5 ავტოგოლი)...
ერნესტო ვალვერდეს გუნდი ნახევარფინალში ორივე თუ არა, ცალი ფეხით ნამდვილადაა. სასწაულები ხდება, მაგრამ რამდენადაა დღევანდელი ფორმაციის “რომა” სასწაულშემოქმედი, რთული სათქმელია.
“ბარსელონა” – “რომა” 3:0 (1:0) VIDEO
ბარსელონა, “კამპ ნოუ”
მაყურებელი: 90 106
“ბარსელონა” (4-4-2): ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, უმტიტი, ალბა; სერხი რობერტო (ანდრე გომეში 83), რაკიტიჩი, ბუსკეტსი (პაულინიო 66), ინიესტა (დ. სუარესი 85); მესი, ლ. სუარესი
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
“რომა” (4-3-3): ბრუნო პერესი, ფაციო, მანოლასი, კოლაროვი; პელეგრინი (გონალონი 60), დე როსი (დეფრელი 77), სტროტმანი; ფლორენცი (ელ შაარავი 72), ჯეკო, პეროტი
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
გოლები: 1:0 დე როსი (38, ა.გ), 2:0 მანოლასი (55, ა.გ), 3:0 პიკე (59), 3:1 ჯეკო (80), 4:1 ლ. სუარესი (87)
გაფრთხილება: კოლაროვი (44), სტროტმანი (86)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (9) – 6 (3) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 10:7 თამაშგარე: 3:0
მსაჯი: დანი მაკელიე (ჰოლანდია)