მიუნხენის “ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. იუპ ჰაინკესის გუნდმა სევილიაში გაიმარჯვა და ადვილი მისახვედრია, რომ საპასუხო შეხვედრაში მოპოვებულ უპირატესობას არ გაანიავებს.
არადა, არ ჰქონია, “რეკორდმაისტერს” “სანჩეს პისხუანზე” ადვილი გასეირნება და მეტწილად, პირველ ტაიმში. ვინჩენცო მონტელას შეგირდებმა თავიდან თამაში უკეთ დაიწყეს და ტაიმის შუაწელს გოლიც გაიტანეს. სარაბიამ ახლო მანძილიდან სვენ ულრაიხს შანსი არ დაუტოვა. თუმცა, ანდალუზიელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. ხესუს ნავასმა საკუტარ კარში ჩაჭრა ბურთი.
მეორე ტაიმში კი, “რეკორდმაისტერი” უფრო ორგანიზებულად თამაშობდა და მეორე გოლიც გაიტანა. ამაში “ბაიერნს” ისევ რიკოშეტი დაეხმარა. ფრანკ რიბერის გამოზომილი გადაცემა ტიაგო ალკანტარამ თავით დააგვირგვინა, თუმცა გზად ბურთი ესკუდეროს ფეხზე მოხვდა და კარში ისე აღმოჩნდა.
მოკლედ, “ბაიერნმა” მოიგო და იუპ ჰაინკესმა თავისივე რეკორდი გააუმჯობესა – ზედიზედ მოგებული 12 თამაში ჩემპიონთა ლიგაზე. წინ კი, საპასუხო მატჩია, რომელიც დიდი ალბათობით, ფორმალობადაა ქცეული.
“სევილია” – “ბაიერნი” 1:2 (1:1) VIDEO
სევილია, “რამონ სანჩეს პისხუანი”
მაყურებელი: 40 635
“სევილია” (4-2-3-1): სორია; ნავასი, კიაერი, ლენგლე, ესკუდერო; ნ’ზონზი, პიზარო; სარაბია, ვასკესი, კორეა (რამირესი 78); ბენ იედერი (მურიელი 80)
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
“ბაიერნი” (4-3-3): ულრაიხი; კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ბერნატი (რაფინია 46); ვიდალი (ხამესი 36), ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა; მიულერი, ლევანდოვსკი, რიბერი (რობენი 79)
მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი
გოლები: 1:0 სარაბია (32), 1:1 ნავასი (37, ა.გ), 1:2 ტიაგო ალკანტარა (68)
გაფრთხილება: კორეა (15), პიზარო (90) – რიბერი (13), ბერნატი (34), მიულერი (85)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 10 (4) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 1:3
მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)