სხვა

19:30 | 3.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ცაგურია სუმოს ფედერაციის პრეზიდენტია

საქართველოს სუმოს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ამ სახეობას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ლევან ცაგურია უხელმძღვანელებს. ვეტერანი ქართველი სუმოისტის კანდიდატურას სასტუმრო "სიმპათიაში” გამართულ რიგგარეშე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე ხმის უფლების მქონე დელეგატებმა სრული ნდობა გამოუცხადეს. უკვე ცნობილია ის გუნდი, რომელიც ცაგურიასთან ერთად გაუძღვება ქართულ სუმოს. ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი თენგიზ რუხაძე პირველი ვიცეპრეზიდენტის თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას. ლევან ცაგურიას კიდევ სამი ვიცეპრეზიდენტი ეყოლება: ვანო გარუჩავა, ლაშა აბესაძე და ანზორ მარტყოფლიშვილი. ფედერაციის გენერალურ მდივნად კი მალხაზ ჯორბენაძე აირჩიეს.

„ქართულ სუმოს ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს და მინდა ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რეგიონებში სუმოს განვითარება მიმაჩნია" – უთხრა "მსოფლიო სპორტს” სუმოს ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა.

ლევან ცაგურია უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონის პირველი ევროპელი სეკიტორია. ელიტაში 2003-2012 წლებში გამოდიოდა. 2006 წელს კომუსუბის წოდება მიენიჭა. საბრძოლო სულის გამოვლენისთვის ორჯერ გადასცეს სპეციალური პრემია. ორჯერ კი ოქროს ვარსკვლავით დაჯილდოვდა, იოკოძუნების ძლევისთვის.

თეგი:

0.116503