ფეხბურთი

10:37 | 4.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

დავითი და გოლიათი "კამპ ნოუზე"?

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე კატალონიის “ბარსელონა” იტალიურ “რომას” უმასპინძლებს. წყვილში გამოკვეთილი ფავორიტი ესპანური გუნდია, მაგრამ თავის მხრივ, ყურების ჩამოყრას “ჯალოროსიც” არ აპირებს.

ერნესტო ვალვერდეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 2015 წლის შემდეგ არ გასულა და შესაბამისად, ახლა ეცდება, რომ ნავსი გატეხოს.

დღევანდელ შეხვედრას ორივე გუნდი კარგ ფორმაში ხვდება და ბოლო ხუთი მატჩიდან ოდენ გასულ უიქ-ენდზე ვერ მოიგეს. “ბარსამ” “სევილიას” ორბურთიანი ჩამორჩენა ბოლო ორ წუთში აღმოუფხვრა და წაუგებელი სერია გააგრძელა, ხოლო “რომა” “ბოლონიას” დაუზავდა.

ერნესტო ვალვერდეს ტრავმირებული სერხიო ბუსკეტსი დაუბრუნდა და შეხვედრას ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს. “ბალუგრანას” დანაკლისი არ აქვს. “რომას” კი ჯენგიზ იუნდერი და რიკ კარსდორპი ვერ დაეხმარება.

ერნესტო ვალვერდეს განცხადებით, “რომას” მეოთხედფინალში გასვლა სიურპრიზი არაა და საუკეთესო რვა გუნდში ყოფნა დაიმსახურა. ეუსებიო დი ფრანჩესკოს თქმით კი, მისი გუნდის მიზანია ოცნება გააგრძელოს.

ერნესტო ვალვერდე ("ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი): “თუ გადავხედავთ “რომა” მატჩებს ჯგუფურ ეტაპზე, მეოთხედფინალში მისი ყოფნა მოულოდნელი არაა. იტალიელებს კარგი დაცვის ხაზი და აგრესიული შეტევა ჰყავთ. ეს იქნება ძალიან საინტერესო დაპირისპირება. როგორც ვიცი, ფურცელზე ფავორიტობა არაფერს ნიშნავს, ყველაფერი გუნდების ხელშია. თუ “რომას” დამარხება გვინდა, შესანიშნავი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. კარგი იქნება თუ “კამპ ნოუ” ბოლომდე გაივსება და გულშემატკივრები მხარს დაგვიჭერენ, ისევე როგორც ეს “ჩელსისთან” იყო. ის ფაქტი, რომ აპრილში “ბარსელონა” ყველა ტურნირის მოსაგებად იბრძვის, ჩემი ფეხბურთელების სიძლიერეზე მეტყველებს. მესი ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური ფეხბურთელია”.

ეუსებიო დი ფრანჩესკო ("რომას" მთავარი მწვრთნელი): “დღეს, როგორც არასდროს, უნდა ვიყოთ ერთიანი გუნდი. ჩვენ აქ ჩამოვედით დადებითი შედეგისთვის. მაგრამ, ჩვენ ყველა მეტოქეს ერთნაირად პატივს ვცემთ. “ბარსელონა” კი, ალბათ მსოფლიოში საუკეთესოა. გვინდა, რომ ოცნება გავაგრძელოთ”.

სავარაუდო შემადგენლობები:

ბარსელონა, “კამპ ნოუ”

4 აპრილი, 22:45 საათი

“ბარსელონა” (4-4-2): ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა; პაულინიო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა; სუარესი, მესი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

“რომა” (4-3-3): ალისონი; ფლორენცი, ფაციო, მანოლასი, კოლაროვი; ნაინგოლანი, დე როსი, სტროტმანი; ელ შაარავი, ჯეკო, პეროტი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

მსაჯი: დანი მაკელიე (ჰოლანდია)

“ბარსელონა” მეოთხედფინალში ზედიზედ მე-11-ედ გავიდა და ეს რეკორდია. “რომა” კი ამ ეტაპს 10 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

“ბარსელონა” ნახევარფინალში 2008-2013 წლებში ზედიზედ გადიოდა, მაგრამ ბოლო ორ სეზონში ამის გაკეთება ვერ მოახერხა და ტურნირს სწორედ მეოთხედფინალიდან დაემშვიდობა.

“რომა” მეოთხედფინალიდან ორჯერ გავარდა. ბოლოს ეს 10 წლის წინ მოხდა. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც “ჯალოროსიმ” ეს ბარიერი დაძლია 1983-1984 წლების სეზონში იყო.

ურთიერთშეხვედრები

“ბარსელონასა” და “რომას” შორის სრული თანაფარდობაა. თითო გამარჯვება და 2 ფრე. 2015-2016 წლების სეზონში “ოლიმპიკოზე” ალესანდრო ფლორენციმ ლუის სუარესის გოლი გაქვითა.

“კამპ ნოუზე” კი “ბარსელონამ” მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 6:1 გაანადგურა. დუბლი შეასრულეს ლიონელ მესი და ლუის სუარესმა, ხოლო თითოჯერ ჟერარ პიკემ და ადრიანომ გამოიჩინეს თავი.

2015 წლის 24 ნოემბერს, გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

“ბარსელონა”: ტერ შტეგენი, დანი ალვეში, პიკე (ბარტრა 56), ვერმაელენი, ალბა, ბუსკეტსი (სამპერი 46), რაკიტიჩი, სერხი რობერტო (ადრიანო 64), მესი, ნეიმარი, სუარესი

“რომა”: შჩესნი, მაიკონი, მანოლასი, რუდიგერი, დინიე, კეიტა, იაგო ფალკე, ნაინგოლანი (იტურბე 46), პაინიჩი (უჩანი 75), ფლორენცი (ვაინკე 58), ჯეკო

ეს გუნდები ერთმანეთს 2001-2002 წლების სეზონშიც შეხვდნენ ასევე ჯგუფურ ეტაპზე. ბარსელონაში მაშინ ფრე დაფიქსირდა (1:1). გოლები კრისტიან პანუჩიმ და პატრიკ კლუივერტმა გაიტანეს.

2002 წლის 20 თებერვალს მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები გავიდნენ:

“ბარსელონა”: რეინა, პუიოლი, კრისტანვალი, დე ბური, სერხი (ჩავი 74), კოკუ, მოტა (როშემბაკი 68(, ლუის ენრიკე, სავიოლა (ოვერმარსი 57), რივალდო, კლუივერტი

“რომა”: ანტონიოლი, კაფუ, პანუჩი, სამუელი, ძებინა, ლიმა (გიგუ 74), ტომაზი, ემერსონი, კანდელა, ტოტი (დელვეკიო 81), ბატისტუტა

“რომამ” სახლში კატალონურ გრანდს შანსი არ დაუტოვა და 3:0 დაამარცხა. გოლები ემერსონმა, ვინჩენცო მონტელამ და დამიანო ტომაზიმ გაიტანეს. მიუხედავად ამისა, “ბარსა” ჯგუფიდან გავიდა, “რომა” კი მეოთხედფინალს მიღმა დარჩა.

სტატისტიკა

“ბარსელონა”

“ბარსელონას” მეოთხედფინალში ასეთი ბალანსი აქვს: 14 შემდეგ ეტაპზე გასვლა და 5 გამოთიშვა. მათ შორის, ბოლო წელიწადში სამჯერ.

ერთი წლის წინ “ბარსა” ამავე ეტაპზე იტალიურ გუნდთან დამარცხდა. კერძოდ, “იუვენტუსთან” ორი მატჩის ჯამში 0:3.

“ბარსელონას” ბალანსი იტალიურ გუნდებთან პლეი-ოფში ასეთია: 8 შემდეგ ეტაპზე გასვლა და 4 გამოთიშვა.

“ბლაუგრანამ” მიმდინარე სეზონში იტალიურ გუნდს უკვე აჯობა. ჯგუფურ ეტაპზე “იუვენტუსს” (3:0 შინ, 0:0 სტუმრად).

კატალონიელები იტალიურ გუნდებთან შინ შემდეგი სტატისტიკით იწონებენ თავს: 15 მოგება, 6 ფრე, 2 წაგება. ბოლოს აპენინელთაგან “კამპ ნოუზე” იუვენტუსმა” მოიგო (2:1) 2003 წელს.

ბოლო 10 თამაშიდან კი, “ბარსელონამ” იტალიურ მეტოქეებთან ოდენ ერთხე წააგო. ეს შარშან, “იუვენტუსთან” მოხდა (0:3). (5 მოგება, 4 ფრე).

მიმდინარე სეზონში ერნესტო ვალვერდეს გუნდმა სახლში ყველა მატჩი მოიგო. “იუვენტუსთან” (3:0), “ოლიმპიაკოსთან” (3:1), “სპორტინგთან” (2:0) და “ჩელსისთან” (3:0).

“ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ჩემპიონთა ლიგაზე 25 მატჩია რაც არ წაუგია (23 მოგება, 2 ფრე, “ატლეტიკოსთან” და “იუვენტუსთან”. საინტერესოა, რომ ორივე შემთხვევაში “ბარსა” ლიგას გამოეთიშა).

2012-2013 წლების სეზონში “ბაიერნთან” 0:3 მარცხის შემდეგ “ბარსელონან” პლეი-ოფში საკუთარ მოედანზე 10 მატჩი ჩაატარა, 8 მოიგო და 2 ფრე ითამაშა (“ატლეტიკოსთან” და “იუვენტუსთან”).

“რომა”

“რომა” მეოთხედფინალში მეოთხედ ითამაშებს. ბალანსი კი, ასეთია: 1 შემდეგ ეტაპზე გასვლა, 2 გამოთიშვა.

“ჯალოროსის” ბოლო სამი მეოთხედფინალური მატჩი წაგებული აქვს (სამივე “მანჩესტერთან”).

“რომას” ბალანსი პლეი-ოფში ესპანურ გუნდებთან ასეთია: 3 შემდეგ ეტაპზე გასვლა, 4 გამოთიშვა. ბოლოს “მგლებმა” ევროპა ლიგის 1/16 ფინალში “ვილიარეალი” დაამარცხეს (სტუმრად 4:0, შინ 0:1).

“რომას” მიმდინარე სეზონში ჯგუფურ ეტაპზე უკვე ჰყავდა ესპანური მეტოქე – “ატლეტიკო”. შინ 0:0, სტუმრად – 0:2.

“ჯალოროსი” ესპანეთში ასეთი შედეგით იწონებს თავს: 4 მოგება, 3 ფრე, 8 წაგება.

ბოლო რვა მატჩიდან რომაელებს ესპანეთში მხოლოდ ერთი აქვთ მოგებული (“ვილიარეალთან”). (2 ფრე, 5 მარცხი). აქამდე იყო ზედიზედ მოგებული სამი მატჩი.

მიმდინარე სეზონში “რომამ” სტუმრად “ყარაბაღი” (2:1) დაამარცხა, “ჩელსისთან” (3:3) ფრეს გამორჩა, ხოლო “ატლეტიკოსთან” (0:2) და “შახტართან” (1:2) წააგო.

მწვრთნელები და ფეხბურთელები: გზაჯვარედინი

ტომას ვერმაელენი 2016-2017 წლების სეზონში “რომაში” იჯარით თამაშობდა და იტალიის ჩემპიონატში 9 მატჩი ჩაატარა.

ლუკას დინიე “რომას” ღირსებას 2015-2016 წლების სეზონში იცავდა. 33 თამაში და 3 გოლი ჩემპიონატში – ასეთია ფრანგის რომაული მონაგარი.

ფედერიკო ფაციოს ლა ლიგაში 153 მატჩი აქვს ჩატარებული და 12 გოლი გაიტანა. არგენტინელის ბალანსი “ბარსელონასთან” ასეთია: 1 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება.

დიეგო პეროტიმ “სევილიას” რიგებში ლა ლიგაში 2008-2014 წლებში 117-ჯერ ითამაშა და “ბარსას” ექვსჯერ დაუპირისპირდა (2 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება).

ედინ ჯეკო “მანჩესტერ სიტის” რიგებში თამაშობდა და “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 2013-2014, 2014-2015 წლების სეზონში დამარცხდა (მერვედფინალში).

2016 წლის ოქტომბერში დანიელე დე როსიმ ესპანეთის ნაკრებს გაუტანა, რომლის რიგებში ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი და ანდრეს ინიესტა თამაშობდნენ.

ალბამ გოლი გაუტანა, ხოლო თამაშობდნენ ბუსკეტსი, პიკე და ინიესტა ევრო 2012-ის ფინალში იტალიის წინააღმდეგ (4:0), რომლის რიგებში დე როსი ირჯებოდა. ამ უკანასკნელმა იმავე მეტოქესთან 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე პენალტი ვერ გაიტანა (თერთმეტმეტრიანების სერიაში).

დე როსი ასევე დამარცხდა ინიესტას, პიკესა და ბუსკეტსის ესპანეთთან 2013 წლის კონფედერაციათა თასის ნახევარფინალში. მაშინაც პენალტების სერიაში.

ურუგვაის ნაკრების მაისურით ლუის სუარესმა ბრაზილიის ნაკრებს გაუტანა 2016 წლის მარტში (2:2), რომლის კარსაც ალისონ ბეკერი იცავდა.

2010 წელს, ესპანეთი – ბოსნიის მატჩში (5:2) გოლები ედინ ჯეკომ და ჟერარ პიკემ გაიტანეს. ასევე, მოედანზე იყვნენ ბუსკეტსი და ინიესტა.

ჯეკომ ასევე გაუტანა ვერმაელენის ბელგიას, მაგრამ ბოსნია 1:3 დამარცხდა 2014 წელს.

მონჩი “სევილიაში” 11 წელი თამაშობდა მანამ, სანამ სპორტული დირექტორი გახდებოდა (2000 წელს).

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში:

ტომას ვერმაელენი და რაჯა ნაინგოლანი (ბელგია)

პაულინიო და ალისონი (ბრაზილია)

ლიონელ მესი და ფედერიკო ფაციო, დიეგო პეროტი (არგენტინა)

იასპერ სილესენი და რიკ კარსდორპი, კევინ სტროტმანი (ჰოლანდია)

ყოფილი თანაგუნდელები:

სამუელ უმტიტი და მაქსიმ გონალონი (“ლიონი” 2012-2016)

პაულინიო და ფედერიკო ფაციო (“ტოტენჰემი” 2014-2015)

დიეგო პეროტი, ფედერიკო ფაციო და ივან რაკიტიჩი (“სევილია” 2011-2014)

ფაქტები

“ბარსელონა”

სერხი რობერტო გაფრთხილების მიღების შემთხვევაში საპასუხო მატჩს გამოტოვებს.

“ბარსელონა” ერთადერთი გუნდია, რომელიც ლა ლიგაში ჯერაც არ დამარცხებულა (23 მოგება, 7 ფრე).

2017 წლის 13 აგვისტოს, ესპანეთის სუპერთასზე “რეალთან” მარცხის შემდეგ, “ბარსას” შინ თამაში არ წაუგია (20 მოგება, 2 ფრე) და 65 გოლი გაიტანა.

“ბარსამ” ყველა ტურნირის ჩათვლით საკუთარ მოედანზე ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში 13 გოლი გაიტანა. კარი მშრალად 5-ჯერ შეინახა ხსენებულ შეხვედრებში. ჯამში კი, 16-ჯერ მიმდინარე სეზონში.

ლიონელ მესიმ ბოლო 7 მატჩში გოლი გაიტანა (ჯამში 9). 4 მარტს კი, “ატლეტიკოსთან” კარიერაში მე-600 გოლი შეაგდო.

ლუის სუარესმა გუნდში და ნაკრებში ბოლო 10 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

პაკო ალკასერმა ლა ლიგაში გოლის გატანა 4 ნოემბრის შემდეგ პირველად 18 მარტს მოახერხა.

17 იანვარს, “ბარსამ” “ესპანიოლთან” სამეფო თასზე 0:1 წააგო და ეს იყო პირველი მარცხი 2017 წლის 16 აგვისტოს შემდეგ. იქედან მოყოლებული “ბლაუგრანას” შედეგი ფანტასტიკურია: 34 მოგება, 11 ფრე, 1 წაგება.

პაულინიომ 23 მარტს, რუსეთს გაუტანა ბრაზილიის ნაკრების რიგებში, ხოლო ივან რაკიტიჩმა ოთხი დღის შემდეგ მექსიკა დაამწუხრა.

ჟორდი ალბა, ჟერარ პიკე და ანდრეს ინიესტა არგენტინასთან (6:1) ამხანაგურ მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყვნენ.

მარ-ანდრე ტერ შტეგენს სანაკრებო მატჩები გაუცდა, მაგრამ ტრავმა მალევე მოირჩინა და “სევილიასთან” 90 წუთი ითამაშა.

“ბარსელონა” ესპანეთის თასის ფინალში 21 აპრილს, “სევილიას” დაუპირისპირდება. კატალონელებს ეს გათამაშება ზედიზედ სამჯერ აქვთ მოგებული.

“რომა”

დიეგო პეროტი და კოსტას მანოლასი გაფრთხილების შემთხვევაში შემდეგ მატჩს გამოტოვობენ.

“რომა” “ბოლონიას” დაუზავდა (1:1) და ოთხმატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა.

“ჯალოროსის” ყველა ტურნირის ჩათვლით ბოლო რვა საგარეო მატჩიდან ერთადერთი აქვს წაგებული.

იტალიის ჩემპიონატში გაშვებული 24 გოლიდან “რომამ” 8 მატჩების ბოლო 15 წუთში მიიღო.

ალისონმა სამმატჩიანი მშრალი სერია დაასრულა “ბოლონიასთან”. მას არც სანაკრებო შეხვედრებში გაუშვია გოლი.

ედინ ჯეკო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ბუნდესლიგაში, პრემიერლიგასა და სერია A-ში მინიმუმ 50 გოლი აქვს გატანილი. ამ შედეგს ბოსნიელმა 3 მარტს, “ნაპოლისთან” შესრულებული დუბლით უწია.

0.28774