უეფას ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ლატვიის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. როგორც ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ალეკსანდრს სტარკოვსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
სტარკოვსი აღმასკომის წინაშე დღეს წარდგა, გუნდში არსებულ მდგომარეობაზე და ერთა ლიგისთვის მოსამზადებელ გეგმაზე ისაუბრა. მწვრთნელს მწვავე კითხვებზეც მოუწია პასუხის გაცემა და არსებული კრიზისი გუნდის ფორმირების პროცესით ახსნა. ამის შემდეგ კენჭისყრა ჩატარდა და აღასკომის 9 წევრიდან 6-მა მის გათავისუფლებას დაუჭირა მხარი.
ნაკრებში ახალი მწვრთნელის დანიშვნას ლატვიის ფეხბურთის ფედერაცია მიმდინარე თვის ბოლომდე გეგმავს.
“ჩემს სამუშაოს კეთილსინდისიერად ვასრულებდი, ძალისხმევა არ დამიშურებია არც ფიზიკური და არც ინტელექტუალური თვალსაზრისით. ვიმედოვნებ, ეს გადაწყვეტილება ლატვიურ ფეხბურთს სარგებელს მოუტანს. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს კოლეგებს და ფეხბურთელებს” - განაცხადა აღასკომის სხდომის დასრულების შემდეგ სტარკოვსმა, რომელიც ლატვიის ნაკრებს გასული წლიდან ხელმძღვანელობდა. ის ეროვნულ გუნდს 2001-2004 და 2007-2013 წლებშიც წვრთნიდა.
ლატვიელებმა მარტში ორი ამხანაგური შეხვედრა გამართეს - ჯერ ფარერის კუნძულების ნაკრებს დაუზავდნენ (1:1), მერე კი გიბრალტარის ნაკრებთან დამარცხდნენ (0:1). სწორედ ამ მატჩების შემდეგ დადგა სტარკოვსის დათხოვნის საკითხი.
საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაზე ლატვიასთან შეხვედრა 9 სექტემბერს შინ მოუწევს, 16 ოქტომბერს კი - სტუმრად.