ქართველი კალათბურთელის უდიდესი აღიარება! ევროპის ყველაზე პრესტიჟულ და მძლავრ საკლუბო ტურნირ ევროლიგაში თორნიკე შენგელია თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ესპანური “ბასკონიას” კაპიტანს ევროლიგის მარტის MVP-ის ტიტული მიანიჭეს, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ამ ტურნირში ქართველი კალათბურთელებისთვის.
შენგელიას ლიდერობით “ბასკონიამ” ევროლიგაში მარტში გამართული ექვსივე შეხვედრა მოიგო და მანამდე ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფმა, პლეი ოფის საგზური გაინაღდა. ამ მატჩებში გამოირჩეოდა ქართველი ფორვარდი, რომლის სტაბილურობამ ბასკონიელთა წარმატება განაპირობა. ამ მატჩებში შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი (სარგებლიანობის ინდექსი) საშუალოდ 17-ს შეადგენდა, რაც საუკეთესო შედეგია. ამასთან ერთად – ქართველი ფორვარდი ევროლიგის 29 ტურის შედეგებით ამ მაჩვენებლით მეოთხეა მთელს ევროლიგაში (დონჩიჩის, შვედის და დეკოლოს შემდეგ), ხოლო მოხსნებში მხოლოდ მალაგელ ჯეიმს ოგასტინს ჩამორჩება.
თორნიკე შენგელია ევროლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშედ მიმდინარე სეზონში ორჯერ დასახელდა. აქედან მეორე ტიტული მან 1 მარტს, “ხიმკისთან” 87:77 მოგებულ მატჩში ასპარეზობისთვის დაიმსახურა. შენგელიას მარტის თვის საშუალო მონაგარი ასე გამოიყურება: 10.8 ქულა, 6.6 მოხსნა და 2.8 პასი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველი სროლებს უდიდესი სიზუსტით ესროდა: 60.0 პროცენტით ორქულიანებს და 66.7 პროცენტით – სამქულიანებს.
ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო, 30-ე ტურში შენგელიას “ბასკონია” თურქულ “ეფესს” შეხვდება.
gbf.ge