ჩემპიონთა ლიგის 2018/2019 წლების სეზონი უდიდესი ალბათობით “ჩელსის” გარეშე ჩაივლის. “არისტოკრატები” “სტემფორდ ბრიჯზე” თანაქალაქელ “ტოტენჰემს” დაუხვდნენ, უქულოდ დარჩნენ და ჩემპიონატის დასრულებამდე შვიდი შეხვედრით ადრე, მე-4 ადგილოსან “დეზებს” უკვე 8 ქულით ჩამორჩებიან.
ანტონიო კონტეს გუნდისთვის მატჩი კარგად დაიწყო და 30-ე წუთზე მასპინძლები წინაც გავიდნენ: უგო ლორისი გამოსვლაზე უხეშად შეცდა, რითაც ალვარო მორატამ ისარგებლა და თავური დარტყმით ცარიელ კარში შეაგდო. “არისტოკრატები” ტაიმის მოგებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კრისტიან ერიკსენმა შორეული გასროლით ულამაზესი გოლი გაიტანა და ტაიმი 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევარი კი “დეზების” უპირატესობით წარიმართა, რაც ტაბლოზეც აისახა. სტუმრებს მეორე გოლიც მშვენიერი გამოუვიდათ: ერიკ დაიერმა დელე ალის საკუთარი ნახევრიდან შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა, ეს უკანასკნელიც მშვენივრად გაისარჯა, ბურთი ერთი შეხებით მიიღო და მომენტიც იდეალურად შეასრულა, ხოლო ოთხ წუთში ალიმ უკვე დამატებაზე ითამაშა კარგად, სონის ჩინებული გარჯა დააფასა და ახლო მანძილიდან ვილი კაბალიერო მესამედ დაამწუხრა – 1:3.
მე-6 ადგილოსანი “არსენალი” გასავარდნ ზონაში მყოფ “სტოკს” დაუპირისპირდა და მათი წინააღმდეგობა დასკვნით 15 წუთში გატეხა. ანგარიში 75-ე წუთზე პიერ-ემერიკ ობამეიანგმა პენალტით გახსნა, 86-ე წუთზე კი მცველების უყურადღებობით ისარგებლა და დუბლი გაიფორმა, ხოლო სამ წუთში უკვე ალექსანდრე ლაკაზეტმა შეაგდო 11-მეტრიანით – 3:0.
ჩელსი - ტოტენჰემი 1:3 (1:1)
გოლები: 1:0 მორატა (30), 1:1 ერიკსენი (45+1), 1:2, 1:3 ალი (62; 66)
არსენალი – სტოკი 3:0 (0:0)
გოლები: 1:0, 2:0 ობამეიანგი (75 პენ; 86), 3:0 ლაკაზეტი (89 პენ.)