ბელგიის იუპერლიგის საჩემპიონო ზონაში პირველი ტურის მატჩები გაიმართა. ბრიუსელში “ანდერლეხტმა” გიორგი ჩაკვეტაძის “გენტი” მიიღო და 0:2 დამარცხდა. აღნიშნულ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა ჩაკვეტაძემ, რომელიც მოედანზე 72-ე წუთიდან გამოჩნდა.
18 წლის ქართველი თამაშში ჩინებულად ჩაერთო და ორჯერ ახლოს იყო გოლთან. ჯერ შორი მანძილიდან დაარტყა და მეკარემ ადვილად აუღო, ხოლო ცოტა ხანში საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი მკერდით გააჩერა, მიწაზე დაუშვებლად მეკარისაგან შორეულ კუთხეში გადაგზავნა, მაგრამ “ანდერლეხტის” კარის დარაჯმა მატს სელსმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და რთული ბურთი კუთხურზე მოიგერია. 85-ე წუთზე კი, ჩვენებურმა მეორე გოლში დაიდო საკმაო წვლილი. თანაგუნდელი ერთი შეხებით, ჭკვიანური და დროული პასით მეკარეს პირისპირ შეატოვა, რომელიც წააქციეს და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი იაპონელმა იუია კუბომ ვერ გაიტანა (მეკარემ აჯობა), თუმცა დამატებაზე პირველი იყო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მოკლედ, ჩაკვეტაძემ ბელგიაში მორიგი პოზიტიური შეხვედრა ჩაატარა... VIDEO
რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში მახაჭყალის “ანჟი” სტუმრად “კრასნოდართან” ფრეს გამორჩა (1:1). სტუმართა შორის შეუცვლელად ითამაშა გიორგი ლორიამ, რომელმაც გოლი პირველ ტაიმში შვედი, ვიქტორ კლაესონისგან გაუშვა. “კრასნოდარის” რიგებში განაცხადში არ ყოფილა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც ტრავმას მკურნალობს. მისი გუნდი მეხუთე ადგილზეა 41 ქულით და ლიდერს 8 ქულით ჩამორჩება, ხოლო “ანჟი” მე-14 ადგილზეა 24 ქულით.
უკრაინის პრემიერლიგის 25-ე ტურში დონეცკის "შახტარმა" სტუმრად ლუგანსკის "ზორია" უპრობლემოდ დაამარცხა (3:0). დონბასელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა დავით ხოჭოლავამ. "შახტარს" 60 ქულა აქვს და 6 ქულით უსწრებს მდევარ კიევის "დინამოს".