ფეხბურთი

18:13 | 1.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" რევანში და ზედიზედ მესამე გამარჯვება

საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში შედგა, სადაც “დინამომ” ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლა.

ამ გუნდთან დაპირისპირების დიდი ისტორია აქვს. შესაბამისად, ახლაც საინტერესო მატჩის მოლოდინი იყო. სიტუაციას შარშანდელი სეზონის ფინიშიც ემატებოდა. როგორ გახდა “ტორპედო” ჩემპიონი ამის შეხსენებით თავს არ შეგაწყენთ. მოკლედ, “დინამოს” საქმე სარევანშოდ ჰქონდა და აიღო კიდეც.

კახა კაჭარავას გუნდმა საქართველოს მოქმედ ჩემპიონს ერთი თავით აჯობა და დამსახურებულად მოიპოვა სამი ქულა. ყველაფერი პირველ ტაიმში გაირკვა, ხოლო მატჩის გმირი ბუდუ ზივზივაძე გახდა. ექსტორპედოელი, რომელმაც დუბლი გაიფორმა. ბუდუმ ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა. სტუმართა მცველები, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში სცოდავნდნენ, შეცდნენ და ოთარ კიტეიშვილის გამოზომილი პასით ზივზივაძე მეკარესთან პირისპირ დარჩა გაიტანა. გოლი სრულიად ლოგიკური გახლდათ, რადგან მასპინძლებს იქამდეც შეეძლოთ მეტოქის კარის აღება. მიუხედავად გაშვებული გოლისა, “ტორპედომ” საკუთარი თამაში ვერაფრით იპოვა, “დინამო” კი პირიქით – უფრო მწვავედ უტევდა. ამან შედეგი ტაიმის ბოლო წუთზე გამოიღო. დაცვის ცენტრი კვლავ ჩავარდა, ხოლო მეკარესთან პირისპირ გიორგი ივანიშვილი დარჩა. მართალია დარტყმა ვერ მოახერხა, მაგრამ საგოლე პასი მაინც მიითვალა, დუბლი კი ზივზივაძემ შეასრულა, რომელმაც დაუცველ კარში შეაგორა ბურთი. მეორე გოლში როინ კვასხვაძის წვლილივ იყო – ქუთაისელთა კაპიტანს ბურთი ხელიდან გაუვარდა და მას შემდეგ მოახერხა ივანიშვილმა საგოლე პასის გაკეთება.

თამაშის სურათი და სცენარი მეორე ნახევარშიც არ შეცვლილა. “დინამოს” რამდენჯერმე შეეძლო უპირატესობის განმტკიცება, ხოლო ზივზივაძეს ჰეთ-თრიქის გაფორმება. თბილისელთა 9-იანმა ერთ ეპიზოდში კვასხვაძესთან პირისპირ ვერ იყოჩაღა. საპასუხოდ, “ტორპედოს” დასამახსოვრებელი არაფერი შეუქმნია და შეიძლება ითქვას, მატჩი უგოლოდ და საგოლე მომენტის გარეშე დაასრულა.

კახა კაჭარავას გუნდმა სტარტზე განცდილი მარცხის შემდეგ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო დამაჯერებლად და მეორე პოზიციაზე აღწევდა. წინ მხოლოდ “საბურთალოა, რომელსაც ჯერ ქულაც არ დაუკარგავს. მოქმედი ჩემპიონი “ტორპედო” მეხუტე პოზიციას ამაგრებს 6 ქულით.

ეროვნული ლიგის მეოთხე ტური დღეს “სამტრედიისა” და ‘კოლხეთის” მატჩით დასრულდება.

“დინამო” – “ტორპედო” 2:0 (2:0)

თბილისი, “დინამო არენა”

“დინამო” (4-2-3-1): ბულისკერია; რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე; ივანისენია (ძალამიძე 73), კუცია (ქოჩლაძე 87); შულაია (ნინუა 90), კიტეიშვილი, ივანიშვილი; ზივზივაძე

მწვრთნელი: კახი კაჭარავა

“ტორპედო” (4-2-3-1): კვასხვაძე; ტაბატაძე, ხურცილავა, გურული, ქიმაძე; გიგაური, წიქარიძე (კუხიანიძე 74); დოლიძე (სარდალიშვილი 67), ლიპარტია, კუტალია; კაპანაძე (ტუღუში 13)

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გოლები: 1:0 ზივზივაძე (12), 2:0 ზივზივაძე (45)

გაფრთხილება: ბულისკერია (45), კუცია (77) – კუტალია (57)

მსაჯი: პ. მაჭარაძე

0.320651