ფეხბურთი

15:51 | 1.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა პრიორიტეტს ჩემპიონთა ლიგას ანიჭებს

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "ევერტონთან" სტუმრად მოგებული (3:1) პრემიერლიგის 32-ე ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ჩემპიონობასთან მისი გუნდი ძალიან ახლოსაა, ამიტომ პრიორიტეტს ჩემპიონთა ლიგას უფრო ანიჭებს, ვიდრე მომავალ მანჩესტერულ დერბს.

"წითელი ეშმაკები" და "ქალაქელები" "ეტიჰადზე" 7 აპრილს დაუპირისპირდებიან და თუ მასპინძლები გაიმარჯვებენ, პრემიერლიგის ტიტულს 6 ტურით ადრე დაისაკუთრებენ.

"ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს ვართ. ერთი მატჩის მოგება გვინდა და თუ ამას ახლა ვერ მოვახერხებთ, კიდევ ექვსი შანსი დაგვრჩება. ტიტულთან ახლოს ვართ და ასპარეზობით ძალიან ბედნიერები ვართ. მესმის, რომ ხალხი "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაპირისპირებაზე საუბრობს, თუმცა მხოლოდ "ლივერპულზე" ვიფიქრებთ "იუნაიტედთან" მატჩამდე და "იუნაიტედთან" მატჩის შემდეგაც, სულ ესაა." - ციტირებს Sky Sports-ი ესპანელის სიტყვებს.

გვარდიოლამ ასევე აღნიშნა, რომ "ევერტონთან" შეხვედრაში გუნდი ცდილობდა კარგად შეკრულიყო და სათამაშო რიტმი ეპოვა. "სიტის" და "ლივერპულის" პირველი დაპირისპირება 4 აპრილს "ენფილდზე" შედგება. მიმდინარე სეზონში გვარდიოლას და იურგენ კლოპის გუნდები ერთმანეთს პირველად 9 სექტემბერს შეხვდნენ და "მანჩესტერ სიტიმ" შინ 5:0 მოიგო. "ქალაქელებს" პრემიერლიგაში მხოლოდ ერთი წაგება აქვთ და ეს მარცხი 23-ე ტურში "ლივერპულთან" (2:3) განიცადეს.

0.116387