ბლოგი

12:47 | 1.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინული ვაიუშველებელი

6:1 ბოლოს არგენტინამ კი არა, საქართველომ როდის წააგო - ის აღარ გვახსოვს. სტატისტიკა და ციფრებით თამაში მარტივი საქმე რომ იყოს, საქართველოს ნაკრები არგენტინას უნდა ჯობდეს, არგენტინა საერთოდ არ უნდა გასულიყო მუნდიალზე და ესპანეთის ნაკრებს კი ახლავე, მუნდიალის დაწყებამდე ოქროს მედლებს უნდა აძლევდნენ. ამბავი კი სულ სხვანაირადაა და სათქმელიც სხვაგვარად უნდა ვთქვათ.

არგენტინის საფეხბურთო ნაკრები აგერ უკვე 20 წელზე მეტია, თითქოს სპეციალურად, თითქოს ჯიბრზე, თითქოს ქომაგების აბუჩად ასაგდებად მწვრთნელად ისეთ ხალხს იწვევს ხოლმე, მერე მუდამ მსჯელობენ, თუ რატომ დანიშნეს, აზრად ვის მოუვიდა მათი დანიშვნა და რა ოხრობამ და სიგიჟემ მისცა ასეთ ხალხს მართვის სადავეები ხელში.

არ ჩათვალოთ, რომ მხოლოდ “ალბისელესტეს“ ამჟამინდელ მესაჭეზე, სამპაოლიზე მაქვს აქცენტი გაკეთებული და ამ კაცის გაკრიტიკებაში, ანდა მეტიც - ნაკრებიდან გაშვებაში ვხედავდე გამოსავალს. მოდით გადახედეთ არგენტინის ნაკრების მწვრთნელთა გვარებს, ნაკრებამდე მათზე გამოთქმულ მოსაზრებებს, მერე მათ ფეხბურთელებთან და ქომაგებთან დამოკიდებულებებს, მერე მათ მიერ ნაჩვენებ შედეგებს და ადვილად დავინახავთ, რომ ამ გუნდს ვიღაც ებრძვის, ვიღაცას ძალიან სურს, რომ ასეთი შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრები მუდმივად იმედგაცრუებული დაჩანჩალებდეს.

კარგა გვარიანი შეთქმულების თეორია კი გამომივიდა, მაგრამ სხვა ახსნას ვერ ვუძებნი იმას, რომ არამხოლოდ არგენტინა, ლამის მთელი მსოფლიო მოითხოვდა და ახლაც მოითხოვს არგენტინის ნაკრებში დიეგო სიმეონეს მიწვევას. საკვირველია, რომელმა მადრიდის “ატლეტიკომ“ და რომელმა კონტრაქტმა უნდა შეაჩეროს მთელი არგენტინელი ერის ხმა და როგორ “გაბედავს“ თავად დიეგო სიმეონე ამ შეთავაზებაზე უარის თქმას?! მაგრამ, თითქოს სპეციალურად ხდებაო, არგენტინა, კვლავ დაცვის გარეშე მოთამაშე გუნდია და სხვას ვის, თუ არა სიმეონეს ხელეწიფება გუნდის დაცვაში არსებული ხვრელების დაგმანვა და ამოვსება.

ცალკე ირონიას იმსახურებს ის, რომ სამპაოლის ნაკრებს დიეგო მარადონა თავიდანვე უცხადებდა უნდობლობას. მარადონა არგენტინისთვის რაცაა და ვინცაა კი ვიცით და ამ კაცს თავისი მოსაზრებების გამოთქმას ბუნებრივია ვერავინ დაუშლის, მაგრამ როდესაც მარადონა სხვას მწვრთნელობას დაუწუნებს, როგორ არ უნდა გაგეცინოს და როგორ არ უნდა გაგახსენდეს მარადონას მწვრთნელობისას დაკარგული არგენტინელ ფეხბურთელთა შესანიშნავი თაობა.

არგენტინის ნაკრებში ზოგი მწვრთნელი ფეხბურთელებს ვარცხნილობის გამო არ იწვევდა, ზოგი აიჩემებდა მაგალითად ისეთ ვარსკვლავებს, როგორიც ხავიერ ძანეტი, ხუან ვერონი ან ერნან კრესპო იყვნენ და უაზროდ უხურავდნენ ნაკრების კარს. ზოგი საერთოდ უარს ამბობდა დაცვაზე და არგენტინის ნაკრების კარში გოლის გატანა ყველაზე მილეულ მოწინააღმდეგესაც კი შეეძლო. ზოგი პირიქით, საერთოდ უთავდამსხმელოდ თამაშობდა და კაცი ვერ გაიგებდა დიდებული “ალბისელესტეს“ თამაშს უყურებდა თუ თემურ ქეცბაიასეულ საქართველოს ნაკრებს.

ეს საშინელი და სამარცხვინო ტრადიცია არგენტინაში კვლავ შენარჩუნებულია და თავადაც ნახეთ ყველაფერი ესპანეთთანთ თავის მოჭრით რომ გაგრძელდა, მაგრამ შეცვლის კი ეს მარცხი გუნდში ძირეულად რაიმეს? მე პირადად მეეჭვება არგენტინის ნაკრების მესვეურებმა დიდ რეფორმებს თავი მოაბან და გამოგიტყდებით, მოახლოვებულ მუნდიალზეც ამ გუნდის დიდი იმედი არ მაქვს. თუკი ახლანდელ არგენტინის ნაკრებს საერთოდ გუნდი შეიძლება ვუწოდოთ...

0.1257