ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 25-ე ტურში "ბასკონია" "გიპუსკოას" ეწვია და 84:72 დაამარცხა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში არ იყო გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია, თუმცა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი "ბასკონიას" გამარჯვებაში 14 ქულით დაეხმარა.
თორნიკემ 23 წუთი ითამაშა და ხუთიდან ოთხი ორქულიანი და ოთხიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო სროლებიდან კი შენგელიან ხუთიდან სამი წაუვიდა მიზანში. ქართველ ლეგიონელს აქტივში ასევე ჰქონდა სამი გადაცემა და სამი მოხსნა. საბოლოოდ თორნიკე ქულებით მხოლოდ მეთ იანინგს (16) ჩამორჩა, მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კი მასპინძელთა გუნდის წევრი ჰენკ ნორელი გახდა.
"ბასკონიამ" ზედიზედ მე-11 შეხვედრა მოიგო, ხოლო ესპანეთის ჩემპიონატში - ზედიზედ მეხუთე. გუნდს 18 მოგება დაუგროვდა და მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო ლიდერ მადრიდის "რეალს" სამი გამარჯვებით ჩამორჩება.