ფეხბურთი

3:55 | 1.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ბარსელონა” წაგებას არ აპირებს

ყველასთვის ნათელია, რომ “ბარსელონას” ჩემპიონობამდე ბევრი არაფერი უკლია და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, კატალონიური გრანდი საჩემპიონო ტიტულს 25-ედ აღმართავს. საკითხავი ის გახლავთ, შეძლებს თუ არა “ბლაუგრანა” მიმდინარე ლა ლიგის წაუგებლად დასრულებას და გავხდებით თუ არა, უნიკალური მიღწევის მომსწრენი.

ერნესტო ვალვერდეს გუნდი მიმდინარე სეზონში სამჯერ ახლოს გახლდათ წაგებასთან: “ვალენსიასთან”, “ატლეტიკოსთან” და “ესპანიოლთან” გასვლით მატჩებში 82-ე წუთზე გაათანაბრეს, მაგრამ ასე ახლოს მარცხთან ნამდვილად არ ყოფილან. მეტიც, “ბარსელონას” წაგება ფაქტობრივად გარდაუვალი გახლდათ, მაგრამ კატალონიელებმა სასწაული შემოგვთავაზეს და “სანჩეს პისხუანზე” შეკრებილი პუბლიკა ბოლო ორ წუთში დაამწუხრეს.

შეხვედრა ძალიან კარგი სანახავი გამოდგა. მაყურებელმა ორმხრივი შეტევები და ძალიან ბევრი საგოლე მომენტი იხილა, შემდეგ კი დრამატული დასასრული. პირველ ტაიმში ორივე გუნდს კარგი მომენტები ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ფრანკო ვაზკესმა შეძლო შეტევის სათანადოდ დასრულება: 36-ე წუთზე მცველებს დაუსხლტა, ხოაკინ კორეას გადაცემა გამოიყენა და ახლო მანძილიდან შეაგდო.

ანდალუსიელთათვის მეორე ნახევარი დიდებულად დაიწყო: 50-ე წუთზე ესკუდეროს ტერ შტეგენმა რთული ბურთი აუღო, მაგრამ დამატებაზე ლუის მურიელმა იყოჩაღა და სხვაობა გაზარდა. ამის შემდგომ, “ბარსელონა” მთელი ძალებით წინ წავიდა, რამაც “სევილიას” ხელ-ფეხი გაუხსნა და კონტრშეტევებზე რამდენიმე 100%-იანი საგოლე მომენტი შექმნა: ხესუს ნავასმა ტერ შტეგენი მოატყუა, მაგრამ ბურთი ცარიელი კარიდან პიკემ გამოიტანა, დამატებაზე კი ვაზკესმა ვერ ივარგა. შემდეგ ორი მომენტი ლუის მურიელმა გაატანა ქარს, ხოლო შემდეგ ლეიუნმა ვერ ივარგა.

თავის მხრივ, რეალური საგოლე ეპიზოდები სტუმრებსაც ჰქონდათ: ლუის სუარესმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა, ხოლო ივან რაკიტიჩმა ბურთი ძელს მოარტყა. 88-ე წუთზე “ბლაუგრანა” კუთხურს აწვდიდა და ალბათ ამ დროს ვეღარავინ წარმოიდგენდა, თუ კატალონიურ გრანდს, ამ ტურის შემდეგაც წაგებათა გრაფაში ნოლი ეწერებოდა, მაგრამ სასწაული მოხდა – კუთხურს ლუის სუარესის გოლი მოჰყვა, თამაშის განახლება და მეორე გოლი კი ერთი იყო: ლიონელ მესი, რომელსაც ტრავმა აწუხებდა და ამის გამო სანაკრებო მატჩები გამოტოვა, თადარიგში გახლდათ და მოედანზე მხოლოდ 58-ე წუთზე გამოჩნდა, სწორედ არგენტინელმა იხსნა “ბარსელონა”, რომელმაც მცველების უყურადღებო თამაშით კარგად ისარგებლა და საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტყმით რიკოს დამწუხრება მოახერხა – 2:2.

“რეალმა” გასვლაზე აუტსაიდერი “ლას პალმასი” იოლად დაამარცხა და “ატლეტიკოსთან” სხვაობა ქულამდე შეამცირა, ხოლო “ვალენსიას” ოთხი ქულით გაუსწრო. მადრიდელებმა ორი გოლი პენალტით გაიტანეს, უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გარეთ ბეილმა და ქარიმ ბენზემამ თითოჯერ შეასრულეს ზუსტად, ხოლო ერთ გოლი უელსელმა თამაშიდან გაიტანა – 0:3. აღსანიშნავია, რომ ბენზემამ "ბლანკოსის" რიგებში მე-400 შეხვედრა ჩაატარა.

“ხირონა”, რომელსაც ევროპა ლიგაზე გასვლის კარგი შანსი აქვს, საკუთარ მოედანზე “ლევანტეს” დაუხვდა და ვალენსიაში ქულა გაატანა. “ბაყაყები” მე-18 ადგილოსან “ლას პალმასს”, რომელსაც მომდევნო ტურში “სიუდად დე ვალენსიაზე” უმასპინძლებენ, უკვე 7 ქულით უსწრებენ.

“ბილბაო” კი “სან მამესზე” “სელტას” დაუპირისპირდა და გამარჯვება მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დაკარგა.

ხირონა – ლევანტე 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 გრანელი (54), 1:1 მორალესი (68)

ბილბაო – სელტა 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ნუნესი (55), 1:1 მენდეში (91)

ლას პალმასი – რეალი 0:3 (0:2)

გოლები: 0:1, 0:3 ბეილი (26; 51 პენ.), 0:2 ბენზემა (39 პენ.)

სევილია – ბარსელონა 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 ფ.ვაზკესი (36), 2:0 მურიელი (50), 2:1 ლ.სუარესი (88), 2:2 მესი (89)

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136756