“სასკი ბასკონიამ” ევროლიგის პლეი-ოფში თამაში გაინაღდა. ესპანურმა გუნდმა რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე უშუალო კონკურენტი თელ-ავივის “მაკაბი” ბოლო მეოთხედში გატეხა – 83:72.
“ბასკონიას” კაპიტანი თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში ისევ არ ყოფილა. ჩვენებურმა პარკეტზე 19:46 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 9 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა გაახერხა.
თორნიკემ 5-დან 3 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტი 12-ს გაუტოლდა.
“ბასკონია” აქამდე მერვე ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ ამ გამარჯვებით ორი საფეხურით დაწინაურდა. ამას ხელი კონკურენტის, “ხიმკის” მარცხმა შეუწყო, ხოლო კაუნასის “ჟალგირისი” 29-ე ტურის მატჩს პარასკევს ჩაატარებს. აღსანიშნავია, რომ “ბასკონიამ” ევროლიგაში ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო. შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა ბოლოს 22 თებერვალს, ცსკა-სთან წააგეს.
ბასკები ბოლო ტურში 5 აპრილს, უკანასკნელ საფეხურზე მყოფ “ანადოლუ ეფესს” საკუთარ კედლებში მიიღებენ.