ავტოსპორტი

1:36 | 30.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

მონტოია ლე მანის რბოლაზე იასპარეზებს

ხუან პაბლო მონტოია ფორმულა 1-ის ჩემპიონი ვერ გახდა, მაგრამ თითქმის ყველა დიდი რბოლა აქვს მოგებული. ერთხელ მონაკოს დიდ პრიზს დაეუფლა, ორჯერ გახდა ინდი 500-ის გამარჯვებული, ნასქარ-ის სერიაშიც ორი რბოლა მოიგო, ერთხელ სამჯერ კი დეიტონას 24-საათიან რბოლაში გაიმარჯვა. მის მიღწევათა გალერეას ერთადერთ რბოლაში გამარჯვება აკლია. ესაა ლე მანის 24-საათიანი რბოლა.

კოლუმბიელი მრბოლი ამ ნაკლის გამოსწორებას ამ სეზონში ეცდება.

მონტოიამ ახლახანს კონტრაქტი გააფორმა გუნდ „იუნაიტედ ავტოსპორტსთან“, რომელიც ლე მანზე „ლიჟიე JS P217-ით“ იასპარეზებს LMP2 კლასში. მასთან ერთად #32 მანქანის ეკიპაჟში ბრიტანელი უილ ოუენი და შვეიცარიელი უგო დე სადელეერი იასპარეზებენ.

„ძალიან მიხარია, რომ ლე მანზე გამოსვლის საშუალება მეძლევა. „იუნაიტედ ავტოსპორტსს“ ლე მანის შარშანდელ რბოლაში კარგი შედეგი ჰქონდა და მასთან ერთად რბოლაში გამოსვლას მოუთმენლად ველი. ამ რბოლას ყოველთვის დიდი ინტერესით ვუცქერდი და ბედნიერი ვარ, რომ მალე მეც მისი მონაწილე ვიქნები. იმედი მაქვს, გამარჯვებისთვის ბრძოლას შევძლებთ“, - განაცხადა მონტოიამ.

„იუნაიტედ ავტოსპორტსს“ ნაწილობრივ „მაკლარენის“ შეფი ზეკ ბრაუნი ფლობს, ვინც გასულ სეზონში ესპანელ ფერნანდო ალონსოს ინდი 500-ზე გამოსვლაში დაეხმარა და არც ლე მანზე ასპარეზობას უშლის. თუმცა ამჯერად ალონსო მასთან ერთად არ იქნება და „ტოიოტასთან“ ერთად ეცდება აბსოლუტურ კლასში გამარჯვებას.

უნდა ითქვას, რომ ლე მანის წლევანდელ რბოლაში, LMP1 კლასში სულ რამდენიმე ეკიპაჟი გამოდის და თეორიულად შესაძლებელია, რომ ტექნიკურმა პრობლემებმა მათ გამარჯვებაში ხელი შეუშალოს. ამ შემთხვევაში, მონტოიას აბსოლუტურ ჩათვლაში გამარჯვების რეალური შანსი გაუჩნდება.

ამ შემთხვევაში, ის გახდება მეორე პილოტი, ვისაც მოტორსპორტის სამი ყველაზე დიდი რბოლა აქვს მოგებული. მსგავს მიღწევასთან ახლოს იყო კანადელი ჟაკ ვილნევი, ვისაც მონტოიას მსგავსად, მონაკოს და ინდ 500-ის რბოლები აქვს მოგებული (ფ1-ის ჩემპიონიცაა). მაგრამ 2008 წლის რბოლა „პეჟოს“ პროტოტიპით მეორე ადგილზე დაასრულა.

სამი დიდი რბოლა, ფ1-ის ორგზის ჩემპიონს, ბრიტანელ გრემ ჰილს (დეიმონ ჰილის მამას) აქვს მოგებული, რომელიც 1975 წელს, საკუთარი თვითმფრინავის პილოტირებისას, კატასტროფაში მოჰყვა და დაიღუპა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.172972