ფეხბურთი

16:25 | 29.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

წითელი ტალღა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ორი თამაში ხოშიანად, თანამედროვედ, ლამაზად ჩაატარეს. თბილისში ლიტვაც კუთხეში დავაყენეთ და ესტონეთსაც ვაწყენინეთ. გარეთ, სტადიონთან იყო ზღვა ხალხი, საცობი, მზესუმზირით მორთული პოლიციელები და ბევრი ქართული დროშა. ფეხბურთის ფედერაციასთან საყვარელმა ბებომ ხინკალიც ჩამოატარა და რამდენიმე გულშემატკივარმა იქვე მოხვრიპა ნახევრად ცივი ცომეულ-ხორცეული.

შეიძლება, ეს მხოლოდ ის ნაკადი იყო, რომელსაც მე გამოვყევი, მაგრამ ხმაურიანი გულშემატკივრების დიდ ნაწილს არ ეცვა საქართველოს ნაკრების არაფერი. არც საფირმო ზედა, არც ჩვენი დროშის ფერებში შექმნილი შარფი, კეპი, ქუდი, მოსაცმელი. საერთოდ არაფერი. სამაგიეროდ, ბლომად იყო მესის, ნეიმარის (ოღონდ, პესეჟეს ფერებში), „რეალის“ ლამაზი ბიჭის ზედები და არ იყო საქართველო.

ალბათ, ცუდი არ არის, ნაკრების თამაშზე კაშიას, ანანიძის, კანკავას მაისურით რომ მიხვალ და ჩვენების გოლზე სხვა ტალღა რომ დაგფარავს. თბილი, პატრიოტული და არა ესპანურ-არგენტინული ტალღა. როდესაც ყაზაიშვილი კიდევ ერთ საოცარ ფინტს გააკეთებს და შენ ბეილის ან დიბალას მაისურს არ დაკუჭავ, არ შემოიხევ ტანზე. ქართული სილამაზე ქართულად უნდა დავაფასოთ. მე ასე მგონია. ალბათ, თქვენც.

სტამბოლში, ბევრი წლის წინ თურქეთის და შვედეთის თამაშზე დამპატიჟეს. მქონდა „ვრანგლერის“ შავ-თეთრი ზედა, რომელიც არც გამიხდია და ეგრევე, დილას სასტუმროდან როგორც გავედი, დავაწექი სტადიონზე თურქ მეგობრებთან ერთად. სტადიონის ტერიტორიაზე რომ მოვხვდით, რამდენიმემ ჩვენსკენ გამოიხედა და იმ გამოხედვაში ნამდვილად არ იგრძნობოდა კეთილგანწყობა. იქ, მთელი სტადიონი ნაკრების ზედებში იყო. როგორც ჩემმა თურქმა მეგობარმა მითხრა, შენ ან „ფენერის“ გულშემატკივარს მიგამსგავსეს, ან - რომელიმე არათურქული გუნდის ზედა ეგონათო. მოკლედ, ჩვენ არ ვიყავით თურქების თეთრ ან წითელ ფორმაში და იქ ეს არ მოეწონათ. ნაკრების თამაშზე კეთილი ინებე და, ნაკრების ზედაში მიდი.

საქართველოს ნაკრების თამაშზეც ეცვათ ჩვენი ეროვნული გუნდის ზედებიც, მაგრამ გამიხარდება, თუ უფრო მეტი მივა თამაშზე ჯანოს და ვაკოს მაისურით. ასე უკეთესია. ნაკრები ამას იმსახურებს.

ძალიან მომეწონა დიჯეის მუსიკალური გემოვნება. სპორტს არ უხდება სოსო პავლიაშვილი, ბუბა კიკაბიძე და „ვიაგრა“. ეს - სხვაგან. სპორტს ენერგია მოაქვს და მუსიკამაც ენერგია უნდა მოიტანოს. დიჯეის სიაში იყო ძველი ბრიტანული პანკი, საბატები, რობერტ პლანტი. და არ ისმოდა „ბიჭო, ეს რა ..ობა აქვთ ჩართული“. პირიქით, გულშემატკივრებიც ორგანიზაბული ხმაურის ხასიათზე მოვიდნენ და მაგრად დაიმუხტნენ.

გამიხარდება, თუ ქუჩაში ახალგაზრდაზე კაშიას ზედას დავინახავ. ამ ბიჭმა ეს დაიმსახურა.

გამიხარდება, თუ ქუჩაში კანკავას ზედას შევამჩნევ. ამ ბიჭმა ეს დაიმსახურა. სხვებმაც დაიმსახურეს. ნაკრების თამაშის ხარისხის განურჩევლად, ნაკრების თამაშზე გულშემატკივარი ხარისხიანი სანაკრებო ამუნიციით უნდა მიდიოდეს. ასე სწორია. ასე ასწორებს.

ასე ჩვენ მართლა ერთი გუნდი ვიქნებით.

და მაგრად მომეწონა პოსტერი „ჯანო, დროზე გამოჯანმრთელდი. გელოდებით!“

წითელმა ტალღამ წამოიღო. ახლაც მოაქვს. რა საოცარი ყოფილა. აწი, ფეხბურთზეც უნდა ვიარო.

ზურაბ თალაკვაძე

0.12641