გიორგი შერმადინის უგუნდობა დასრულდა. საქართველოს ნაკრების ცენტრს ტრავმის გამო ესპანურ “სარაგოსაში” დაბრუნება ჩაეშალა, თუმცა, მასთან კონტრაქტის გაფორმება გიოს კიდევ ერთმა ყოფილმა კლუბმა “კანტუმ” ისურვა.
ბოლო პერიოდში შერმადინი დასკვნით სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა და ისიც დაიწერა, რომ ტრავმა სრულად მოიშუშა. შესაბამისად, წესით არაგონელებთან წინასწარი შეთანხმება უნდა ამუშავებულიყო და მას კვლავ “სარაგოსას” მაისური მოერგო, თუმცა...
გიორგი კანტუელთა ღირსებას 2011-12 წლებში იცავდა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც ითვლებოდა. იტალიის ჩემპიონატში მისი საშუალო მონაგარი 9.0 ქულა და 5.2 მოხსნა იყო, ევროლიგაში კი 16 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 10.9 ქულას და 5.5 მოხსნას აგროვებდა. იმ სეზონში “კანტუმ” იტალიის თასის და სუპერთასის ფინალებშიც ითამაშა.
ცნობისთვის, სერია ა-ს მიმდინარე სეზონში კანტუელებს 3 მოგება და 2 მარცხი აქვთ და მე-5 ადგილზე იმყოფებიან. ამას გარდა, იტალიური კლუბი ევროთასზეც ასპარეზობს, სადაც 4-ვე გასული თამაში წაგებული აქვს და B ჯგუფში ბოლო პოზიციაზეა.
ევროპულ ასპარეზზე შერმადინის ახალი კლუბი მომდევნო მატჩს სწორედ დღეს ბელგიური “ოსტენდეს” წინააღმდეგ ჩაატარებს, შინაურ პირველობაზე კი 16 ნოემბერს მილანში “ემპორიო არმანისთან” ითამაშებს.
ბარემ აქვე ვთქვათ, რომ იტალიურ ჩემპიონატს დაუბრუნდა ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი ჯეიკობ პულენიც. მან გასული სეზონი ესპანურ “ბარსელონაში” გაატარა, შემდეგ ჩინურ “ლიაონინგში” ფეხის მოკიდება სცადა, ახლა კი, “ენელ ბრინდისიში” ჩაირიცხა, რომელიც ასევე 3 მოგებით სწორედ “კანტუს” უდგას კვალში.