2016 წლის 29 მარტი, თბილისი, "დინამო არენა", საქართველოს ნაკრები ყაზახეთს ამხანაგურ მატჩში მასპინძლობს და დაუზავდა - 1:1. აზატ ნურგალიევის 36-ე წუთზე გატანილი გოლი, ზუსტად ორ წუთში თორნიკე ოქრიაშვილმა გაქვითა.
სწორედ ორი წლის წინ შედგა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვლადიმირ ვაისის დებიუტი. როგორც ხედავთ, გავიდა 2 წელი და ერთი შესარჩევი ციკლი (მოუგებლად). ხსენებულმა პერიოდმა 10 ოფიციალური შეხვედრა დაიტია, რომელთაგან საქართველომ 5 ფრე ითამაშა და ამდენივე მარცხი განაცადა. გაიტანა 8 და გაუშვა 14 გოლი. მოუგებელი შესარჩევი ეტაპი იყო, რაც კარგი არაა, მაგრამ იყო გამონათებები, როგორც შედეგის, ისე თამაშის ხარისხის მხრივ.
მაგალითად, კარდიფში, უელსის ნაკრებთან ფრე (1:1), როდესაც შედეგიც მისაღები გახლდათ და თამაშის ხარისხი კიდევ უკეთესი. არც ვენურ ვოიაჟს ჩაუვლია ურიგოდ, რადგან ავსტრიასთან სტუმრად ფრე (1:1) ჩვენნაირი ნაკრებისთვის ადვილად მისაღწევი არაა. გამოვარჩიოთ საშინაო ფრე ირლანდიასთანაც (1:1). თავის მხრივ, მოლდოვას ნაკრებთან ორჯერ ქულების დაკარგვა ნამდვილად ვერ შეფასდება დადებითად ვერანაირად, რაც უნდა მსაჯებს ვაბრალოთ თუნდაც კიშიონიოვში დაკარგული ორი ქულა... მოკლედ, ეს იყო შესარჩევ ეტაპზე ვაისის ქართული მონაგარი: 5 ფრე, 5 წაგება და 5 ქულა.
ახლა ამხანაგურ მატჩებზეც გადავიდეთ - 12 სპარინგი, 6 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება, 23:14 ბურთების ბალანსი. ხსენებული ამხანაგური მატჩებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი და გამოსაყოფია ვაისის სადებიუტო გამარჯვება. მადრიდში, თვით ესპანეთის ნაკრებთან, რომელიც ევრო 2016-ის მზადების დასკვნით ფაზაში იყო. გამარჯვების გოლი ოქრიაშვილმა გაიტანა. აქტივშია შესატანი მოგებები ლატვიასთან (5:0) და ლიტვასთან (4:0). გარდა ამისა, იყო გამარჯვებბეი კვიპროსთან (1:0), სენტ კიტსი და ნევისთან (3:0) და ბოლოს ესტონეთთან (2:0). ყაზახეთთან ფრით ყველაფერი დაიწყო, ასევე მშვიდობიანად დავშორდით უზებეკეთს (2:2) და ბელარუსს (2:2). ყველაზე მძიმე მარცხი ალბათ ბუქარესტში განვიცადეთ რუმინეთთან (1:5), ასევე, მანამდე სლოვაკეთთან (1:3) და იორდანიასთან (0:1). თუმცა, ამ მატჩში საქართველოს ნაკრები მთლიანად ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, შეიძლება ითქვას, B ნაკრები თამაშობდა.
საბოლოოდ კი, წმინდა სტატისტიკა ოფიციალურ და ამხანაგურ მატჩებს თუ გავაერთიანებთ, ვაისის საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში ასეთია: 22 თამაში, 6 მოგება, 8 ფრე, 8 წაგება, 31 გატანილი და 28 გაშვებული გოლი.
საქართველოს ნაკრებზე და ვლადიმირ ვაისზე გაცილებით ვრცლად კიდევ დავწერთ, მაგრამ ახლა ამ მშრალი ციფრების გაცნობის მიზეზი სხვა იყო. გვაინტერესებს თქვენი აზრი - როგორ აფასებთ ვლადიმირ ვაისის მუშაობას საქართველოს ნაკრებში განვლილი ორი წლის მონაცემებით?..