ჭადრაკი

14:42 | 28.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმი 2018: ოფიციალურმა პირებმა სპორტული კომპლექსი დაათვალიერეს

ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარიძემ, ასევე ფიდე-ს და ესკ-ის მაღალჩინოსნებმა ბათუმში მშენებარე მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი დაათვალიერეს.

შენობა, რომელიც შემოდგომით 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს, სპორტის სხვადასხვა სახეობებისთვისაა განკუთვნილი და ორ დარბაზს აერთიანებს: დიდი 2500 მაყურებელზეა გათვლილი, მცირე - 600-ზე.

ბათუმში სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და რამდენიმე თვეში დასრულდება. ანალოგიური პროექტები ხორციელდება გორსა და თელავში. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 33 მილიონ 850 ათასი დოლარი დაიხარჯა, სამივე კომპლექსის საერთო ღირებულება კი 54 მილიონ 350 ათასი დოლარია.

„ბოლო წლებში საქართველოში სპორტის კუთხით არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ბათუმის მულტიფუნქციური სპორტის სასახლე კი ამ მხრივ უდავოდ გამორჩეულია. მშენებლობის დასრულების შემდეგ ყველა ჩვენგანისთვის საყვარელ ქალაქს ნამდვილი სპორტული ცენტრი ექნება, სადაც სხვადასხვა სახეობებში მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირების ჩატარება იქნება შესაძლებელი. ხაზგასასმელია, რომ მსგავსი პროექტები გორსა და თელავშიც ხორციელდება. მოხარული ვარ, რომ ჩვენი უცხოელი სტუმრები კმაყოფილნი არიან ნანახით. დარწმუნებული ვარ ბათუმი უმაღლეს დონეზე უმასპინძლებს საჭადრაკო ოლიმპიადას“, - განაცხადა კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ.

„ვაჟ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. ბათუმის არაერთმა სტუმარმა გამოხატა აღფრთოვანება ტურნირის ორგანიზებით, რაც მარწმუნებს, რომ ჩვენ დიდი და მნიშვნელოვანი შეჯიბრებების სათანადო დონეზე მიღება შეგვიძლია. მშენებარე სპორტის სასახლე, რომელიც დღეს მსოფლიო ჭადრაკის მაღალჩინოსნებმა დაათვალიერეს, ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე გაიხსნება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტებიც, რომელიც ბათუმში და ზოგადად, ჩვენს რეგიონში ხორციელდება. შემიძლია ყველა დავარწმუნო, რომ ოლიმპიადას ბათუმი იერშეცვლილი, თანამედროვე სპორტული კომპლექსით, კეთილმოწყობილი გზებით, სასტუმროებით და რამდენიმე საინტერესო პროექტით შეხვდება“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარიძემ.

„ჩემი დებიუტი საერთაშორისო ასპარეზზე შორეულ 1999 წელს შედგა ბათუმში. ამ ქალაქით იმთავითვე მოვიხიბლე და მიხარია, რომ შემოდგომით დაგეგმილ ოლიმპიადას ბათუმი ამ შესანიშნავი სპორტული კომპლექსით ხვდება. ნანახით აღფრთოვანებული ვარ და მიმაჩნია, რომ თქვენს ქალაქს სპორტის სხვა სახეობებშიც შეუძლია დიდი საერთაშორისო შეჯიბრებების მიღება“, - განაცხადა დიდოსტატმა, ლატვიის ფინანსთა მინისტრმა დანა რეზნიცე-ოზოლამ, რომელიც ზურაბ აზმაიფარაშვილმა ესკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თავის გუნდში დაასახელა. ესკ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ოლიმპიადის დღეებში ბათუმში გაიმართება.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბერს დაიწყება და 6 ოქტომბერს დასრულდება. გახსნის საზეიმო ცერემონიას დაბა შეკვეთილის „ბლექ სი არენა“ უმასპინძლებს. წინასწარი ინფორმაციით, ოლიმპიადისთვის ბათუმს 189 ქვეყნის 4000-მდე სტუმარი ეწვევა.

ბათუმი 2018-ის საორგანიზაციო კომიტეტი

0.16342