ჭადრაკი

10:43 | 28.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმი 2018: ბოლო ტურის წინ ჩემპიონატს 8 დიდოსტატი ლიდერობს

ვაჟ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი, რომელიც ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მიმდინარეობს, დასასრულს უახლოვდება. დღეს უკანასკნელი, მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართება და კონტინენტის უძლიერესი მოჭადრაკეც გამოვლინდება.

მე-10 ტურის შემდეგ ევროპირველობას 8 დიდოსტატი ლიდერობს: პოლონელმა რადოსლავ ვოიტაშეკმა, ჩეხმა დავიდ ნავარამ, ინგლისელებმა გევეინ ჯონსმა და ლუკ მაკშეინმა, ხორვატმა ივან სარიჩმა, უკრაინელმა ანტონ კორობოვმა და რუსებმა სანან სჟუგიროვმა და მაქსიმ მატლაკოვმა 7,5-7,5 ქულა დააგროვეს. დამატებითი მაჩვენებლით პოლონელი ლიდერობს, ჩეხი დავიდ ნავარა კი მეორეა.

შეგახსენებთ: ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100 ათასი ევროა. გამარჯვებული ოქროს მედლის გარდა 20 ათასს მიიღებს, მეორე ადგილოსანი ვერცხლის მედალს და 15 ათასს, ბრინჯაოს მედალოსანი კი 10 ათასით დაჯილდოვდება. საპრიზო თანხა პირველ 20 ადგილზე გასულ მოჭადრაკეებზე განაწილდება.

რუსეთის ქალაქ კემეროვოში მომხდარი ტრაგედიის გამო მე-10 ტური წუთიერი დუმილით დაიწყო.

ტურის ცენტრალური პარტიები ლიდერებმა გაითამაშეს: რადოსლავ ვოიტაშეკი ანტონ კორობოვს დაუპირისპირდა, გევეინ ჯონსი კი მაქსიმ მატლაკოვს. ორივე პარტია ყაიმით დასრულდა, რითაც შესანიშნავად ისარგებლა ოთხმა დიდოსტატმა და ლიდერებს წამოეწია: ლუკ მაკშეინმა აზერბაიჯანელი რაუდ მამედოვი დაამარცხა, სანან სჟუგიროვმა თანამემამულე დანიილ დუბოვს სძლია, ივან სარიჩმა გერმანელ დიდოსტატს რასმუს სვანეს მოუგო, დავიდ ნავარამ კი პოლონელ კაცპერ პიორუნს აჯობა.

მე-11 ტურში ლიდერები ხვდებიან ერთმანეთს: სჟუგიროვი - ვოიტაშეკს, სარიჩი - ნავარას, მაკშეინი - მატლაკოვს, კორობოვი კი ჯონსს.

უკანასკნელი ტურის წინ მოწინავე 50-ეულში ქართველთაგან არავინაა. 52-ე ადგილზე მყოფ მიხეილ მჭედლიშვილს 6 ქულა აქვს. საქართველოს წლევანდელი პირველობის გამარჯვებული გუშინ სომეხ დიდოსტატთან ჰრანტ მელქუმიანთან დამარცხდა. უკანასკნელ ტურში ის კვლავ სომეხ დიდოსტატს ეთამაშება, 43-ე ადგილზე მყოფ არამ აკოფიანს.

ბათუმი 2018-ის საორგანიზაციო კომიტეტი

0.115127