ფეხბურთი

2:51 | 28.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი: "ოპტიმალური შემადგენლობით და ფორმით თამაში ყველასთან შეგვიძლია"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ესტონეთთან და ლიტვასთან მატჩები შეაფასა. 25 წლის ფეხბურთელის თქმით, ეს ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ.

“ემოცია მართლაც დადებითია, რადგან მართლაც რთულია გავიხსენოთ, როდის მიაღწია საქართველოს ნაკრებმა ბოლოს, რომ ზედიზედ ორი თამაში ასეთი ბურთების ბალანსით მოეგოს. რაც მთავარია, ყველაფერი ეს მოხდა ლამაზ, შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთთან ერთად, რასაც ალბათ, ქართველი გულშემატკივარი ყველაზე მეტად ითხოვს. ეს ძალიან გასახარია და მიუხედავად იმისა, რომ პირველი თამაშის მერე როტაცია მოახდინა მწვრთნელმა, ჩემი აზრით, თამაშის ხარისხი უკეთესი თუ არა, უარესი ნამდვილად არ ყოფილა. ნაკრებმა პროგრესი განიცადა ერთიდან მეორე თამაშამდე. ეს ძალიან დადებითი მომენტია, მითუმეტეს ერთა ლიგაზე ასე მოგვიწევს, ყოველ სამ დღეში თამაში და კარგია, რომ გუნდმა მოახერხა სხვადასხვა შემადგენლობით თანაბრად ძლიერად თამაში.

ზუსტად ასეთ ნაკრებებთან უნდა ვისწავლოთ გამარჯვება. თითქმის მსგავსი დონის გუნდები არიან ერთა ლიგაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ვისწავლოთ გამარჯვება და პირველ ნომრად თამაში ასეთ გუნდებთან. გარდა ამისა, საქმის ბოლომდე მიყვანა, რაც ყოველთვის გვიჭირდა და რაღაც გვაკლდებოდა ბოლო, გადამწყვეტ მომენტში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვებები. ბიჭებიც მაქსიმალურად ვიყავით კონცენტრირებულნი, ვამხნევებდით ერთმანეთს. ყველა ვიყავით მოტივირებული, რომ მშრალი ანგარიშით მოგვეგო თამაში.

საქართველოს ნაკრები თუ იქნება ოპტიმალური შემადგენლობით, ოპტიმალურ ფორმაში, ჩემი აზრით, არამარტო ერთა ლიგაზე, არამედ უფრო ძლიერ ნაკრებებთანაც შეუძლია თამაში. მთავარია, ჩვენ ვიყოთ კარგ ფორმაში, ტრავმები არ გვაწუხებდეს და ფსიქოლოგიურად მზად ვიყოთ რადგან მაინც ახალგაზრდული გუნდი გვყავს და მნიშვნელოვანია, რომ ფსიქოლოგიურად მზად ვიყოთ”, - განაცხადა კვეკვესკირმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა მარტის სპარინგები დამაჯერებლად მოიგო. ლიტვა 4:0, ხოლო ესტონეთი 2:0 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119054