ფეხბურთი

21:48 | 27.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: “ჩვენი მთავარი პრობლემა მომენტების რეალიზაციაა”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ესტონეთთან (2:0) ამხანაგური მატჩი შეაფასა. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა.

“უკვე მეორე თამაში მოვიგეთ. შესაძლოა, ისეთივე ანგარიშით ვერ მოვიგეთ, როგორც პირველი, მაგრამ დღეს უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა და ესეც გასათვალისწინებელია. საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა დღესდღეობით მომენტების ნაკლები რეალიზაციაა. სხვა მხრივ კი, კმაყოფილი ვარ, როგორც შედეგით, ისე ბიჭების თამაშით. რატომ ვცდილობთ, რომ ვიპოვოთ ყოველთვის ცუდი? არაა ეს აუცილებელი. ვერ დაგეთანმხებით, რომ მეორე ტაიმში მოვდუნდით. რამდენი საგოლე მომენტი გვქონდა? მხოლოდ კაჭარავას 4-ჯერ შეეძლო გატანა, იგივე ქვილითაიასაც ჰქონდა საგოლე ეპიზოდი, ასევე ყაზაიშვილს. ჩვენ ვმუშაობთ მომენტების რეალიზაციაზე და ეს უნდა გამოვასწოროთ. რომელ ჭკუათმყოფელ მწვრთნელს გაუჩნდება სურვილი, რომ თავის ფეხბურთელებს უთხრას, ერთი გოლის შემდეგ, გაჩერდით? მთავარი პრობლემაა საგოლე მომენტების გამოუყენებლობა. როდესაც კარის წინ მარტო რჩები, გოლი უნდა გაიტანო. ფეხბურთელის ნაცვლად მე ვერ გავიტან. ფაქტია, რომ გუნდი მუშაობს და საგოლე მომენტებს ქმნის. რეალიზაციის პროცენტი კი, აუცილებლად უნდა გაიზარდოს.

ლიტვა, ესტონეთი – ეს, ის გუნდებია, რომლებიც რეიტინგში ჩვენი დონის არიან, მაგრამ გამოჩნდა, რომ მათ ვჯობივართ. ჩვენ ასეთ გუნდებთან მოგება უნდა ვისწავლოთ და წინ გველის ორი სპარინგი ერთა ლიგამდე, მალტასთან და ლუქსემბურგთან, რომლებთანაც თამაში წაგვადგება.

სტანდარტული მდგომარეობები რომ ავიღოთ, ნავალოვსკი და შერგელაშვილი ნამდვილად ვერ იბრძოლებენ. ამიტომ, დღეს დვალი გამოვცადე მარცხენა მცველის პოზიციაზე, რომელიც მაღალია. დიახ, კაკაბაძე დღეს ჩვენს გუნდში შეუცვლელია და მესმის, რომ უნდა გვყავდეს მისი შემცვლელი, რადგან არსებობს ფეხბურთში ტრავმები, ყვითელი ბარათები. შემადგენლობას იმის მიხედვით ვარჩევ, როგორი მეტოქეც გვყავს. უნდა შეგვეძლოს ლავირება.

დღეს მაგალითად ვათამაშე ჯაბა ჯიღაური, თუმცა არც ისე დიდი დროით. მას კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. რაც შეეხება საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელებს, ვაკვირდები მათ. მაგალითად, კიტეიშვილი – ახალგაზრდული ნაკრების თამაში რომ არ ყოფილიყო, ჩვენთან ერთად იქნებოდა ამ შეკრებაზე.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა. აქედან გამომდინარე არ შემიძლია ფეხბურთელების ნავლად საუბარი. მთავარია, რომ მათ გააჩნიათ სურვილი და შესაძლებლობა, რომ დაეხმარონ გუნდს.

ერთა ლიგამდე 6 თვეა დარჩენილი. დარწმუნებული ვარ, რომ ლევან მჭედლიძეც და თორნიკე ოქრიაშვილიც ჩადგებიან ფორმაში. მჯერა, რომ ჯანო ანანიძეც მოასწრებს გამოჯანმრთელებას. მჯერა, რომ ყაზახეთთან პირველ მატჩს კარგ ფორმაში შევხვდებით. კონკრეტულად კი, გეტყვით, რომ ოქრიაშვილი და მჭედლიძე დაახლოებით ორ კვირაში დაიწყებენ გუნდთან ერთად თამაშს. მაქვს ორივესთან კონტაქტი, მალე ფორმაში უნდა იყვნენ”, - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წელი წარმატებულად დაიწყო. ჯერ ლიტვის ნაკრები დაამარცხა (4:0), შემდეგ კი, ესტონეთის (2:0). “ჯვაროსნები” მომდევნო მატჩს 1 ივნისს, მალტის ნაკრებთან (ავსტრიაში) ჩაატარებენ, ხოლო ოთხი დღის შემდეგ ლუქსემბურგთან ისპარინგებენ.

0.124969