საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლიტვას ესტონეთის მიაყოლა და 2018 წელი ამაღლებულ განწყობაზე დაიწყო. ისევე, როგორც სამი დღის წინ, ახლაც მატჩის ბედი პირველი ტაიმში გაირკვა. მე-6 წუთზე კუთხურის შემდეგ გიორგი პაპუნაშვილმა მეორე სართულზე ორთაბრძოლა მოიგო და იქვე მდგომ ჯიმი ტაბიძეს უპასა. "უფას" მცველი კი, ფორვარდივით უმალ გაერკვა სიტუაციაში და ანგარიში გახსნა. ეს ტაბიძის სადებიუტო გოლი იყო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.
ტაიმის ბოლოსკენ, 35-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა შედევრი შემოგვთავაზა. "სან ხოსეს" შემტევმა საჯარიმოს მოსაგდომებთან ჩინებულად ითამაშა და მცვლი რამდენჯერმე გააბითურა. მერე კი, შორეული დარტყმით ცხრიანში გაუშვა ბურთი - 2:0. ულამაზესი ეპიზოდი იყო, ნებისმიერი რანგის მატჩს რომ დაამშვენებდა.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა. საქართველო რამდენჯერმე ახლოს გახლდათ მესამე გოლთან, მაგრამ მეტჯერ სტუმართა დამწუხრება ვერ მოხერხდა.
მოკლედ, საქართველოს ნაკრებმა მარტის ფანჯარა ჩინებულად გამოიყენა. ჯერ ლიტვას სძლია (4:0) და მერე ესტონეთს (2:0).
WORLDSPORT.GE მატჩის ვრცელ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
საქართველო - ესტონეთი 2:0 (2:0)
გოლები: 1:0 ტაბიძე (6), 2:0 ყაზაიშვილი (35)