ჭადრაკი

17:45 | 27.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატია

ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. ქართველი დიდოსტატის კანდიდატურა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ დღეს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გამართულ ევროპის საჭადრაკო კავშირის სხდომაზე წარადგინა.

ესკ-ის ბორდის შეხვედრა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ასევე ევროპის ქვეყნების საჭადრაკო ფედერაციების მაღალჩინოსნები დაესწრნენ, წუთიერი დუმილით დაიწყო - შეკრებილებმა რუსეთის ქალაქ კემეროვოში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებს ბათუმი შემოდგომით, ოლიმპიადის დღეებში უმასპინძლებს. 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

ესკ-ის პრეზიდენტად ზურაბ აზმაიფარაშვილი 2014 წელს აირჩიეს. მისასალმებელ სიტყვაში მან განაცხადა:

„ყველა თქვენგანს მადლობას ვუხდი მობრძანებისთვის და მხარდაჭერისთვის. განვლილი ოთხი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის გაანალიზების შემდეგ, გადავწყვიტე კიდევ ერთხელ ვიყარო კენჭი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის თანამდებობაზე, რადგან ვთვლი, რომ ჩემს გუნდთან ერთად კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია. სწორედ აქედან მომდინარეობს ჩემი გუნდის სლოგანი: „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“! დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას და მის პრეზიდენტს გიორგი გიორგაძეს, რომელმაც ჩემი კანდიდატურა წამოაყენა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას და ამ შემთხვევაში კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პირადად მინისტრის მოადგილეს შალვა გოგოლაძეს. ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა ჭადრაკის განვითარებისთვის და მჯერა, ეს პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება. რაც შეეხება გეგმებს, თქვენ გაეცანით ჩემს პროგრამას და პროექტებს. ესკ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე მოღვაწეობისას მე და ჩემმა გუნდმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით დავასრულეთ, ჩემს მთავარ მიღწევად კი მიმაჩნია ის, რომ ორგანიზაცია გახდა ერთსულოვანი. კონკრეტულ საკითხებზე, შესაძლოა, სხვადასხვა შეხედულებისანი ვართ, მაგრამ ვიცით, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მხოლოდ ჭადრაკის განვითარებისთვის უნდა ვიღვაწოთ. დარწმუნებული ვარ ევროპის ერთიანი საჭადრაკო ოჯახის მხარდაჭერის შემთხვევაში წინ უკეთესი წლები გვექნება. გამოწვევები დიდია, თუმცა ჩემს გვერდით ის ადამიანები არიან, რომლებთან ერთად წარმატება გარდაუვალია. ამის საუკეთესო მაგალითია დიდოსტატი, უმშვენიერესი ქალბატონი დანა რეზნიცე-ოზოლა, რომელიც ლატვიის ფინანსთა მინისტრიც გახლავთ. ჩემი ხედვით, ის ნამდვილი ლიდერია და როგორც ევროპის, ასევე მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს ბათუმი უმასპინძლებს, ქალაქი, სადაც არაერთი დასამახსოვრებელი გამარჯვება ვიზეიმე და ადგილი, რომელსაც უმშვენიერესი მოგონებები უკავშირდება“.

„ზურაბ აზმაიფარაშვილი წარმატებული სპორტსმენი გახლდათ, შესანიშნავი მენეჯერია და რაც მთავარია, დიდი სიყვარულით ემსახურება ჭადრაკს. საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მან და მისმა გუნდმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ვფიქრობ, ევროპის საჭადრაკო კავშირი პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი არჩევის შემთხვევაში მხოლოდ მოიგებს. ბატონი ზურაბის მოღვაწეობა ესკ-ის ხელმძღვანელ თანამდებობაზე ნამდვილად მაძლევს ამ სიტყვების თქმის საფუძველს“, - განაცხადა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ.

„ბატონი ზურაბ აზმაიფარაშვილის წინადადებას რამდენიმე მიზეზის გამო დავთანხმდი, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ევროპის საჭადრაკო კავშირი გახდა ერთიანი, სტაბილური, ფინანსურად წელგამართული ორგანიზაცია, რომელსაც მკაცრად გაწერილი გეგმა და მიზნები აქვს. ჩემთვის, როგორც წარმატებაზე ორიენტირებული ადამიანისთვის, მნიშვნელოვანია პროგრესულად მოაზროვნე ხალხთან ურთიერთობა, ბატონი ზურაბ აზმაიფარაშვილი კი სწორედ ასეთად მიმაჩნია. მისი პრეზიდენტობის დროს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მაგალითად, თითქმის 50%-ით გაიზარდა კავშირის ბიუჯეტი, შთამბეჭდავი სასპონსორო კონტრაქტები გაფორმდა, დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამები, ორგანიზაციის საქმიანობა გახდა გამჭვირვალე, ქალთა ჭადრაკი საგრძნობლად განვითარდა. პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ არჩევნები ბათუმშია, ქალაქში, სადაც შედგა ჩემი დებიუტი დიდ ჭადრაკში. ეს შორეულ 1999 წელს მოხდა... ეს ყველაფერი ერთად აღებული, ვფიქრობ, საკმარისია საიმისოდ, რომ მის წინადადებაზე თანხმობა მეთქვა“, - განაცხადა ქალბატონმა დანა რეზნიცე-ოზოლამ.

სასტუმრო „შერატონში“ გამართულ ესკ-ის ბორდის სხდომას ზურაბ აზმაიფარაშვილის მრჩეველი ალექსანდრ ჩერნოვი, ესკ-ის ვიცე-პრეზიდენტი იონ-სერბან დობრონაუტეანუ და გენერალური მდივანი თეოდოროს ცორბაცოღლუ, ორგანიზაციის ხაზინადარი მარტინ უბა, ბორდის წევრები და სხვადასხვა ქვეყნის საჭადრაკო ფედერაციების პრეზიდენტები და მესვეურები დაესწრნენ.

ხვალ, 28 მარტს, ოფიციალური პირები ბათუმის სპორტის სასახლის სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებენ. 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა სწორედ იქ გაიმართება.

ბათუმი 2018-ის საორგანიზაციო კომიტეტი

0.113522