26 მარტს ბათუმში მიმდინარე ვაჟ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის მე-9 ტურის შეხვედრები გაიმართა.
სპორტული ასპარეზობების წინ ევროპის საჭადრაკო კავშირის ბორდის სხდომა შედგა. ოფიციალურმა პირებმა ბათუმის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისგან ბრენდირებული საჩუქრები მიიღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა კი ევროპის ჭადრაკის მესვეურები სამახსოვრო ნივთებით დაასაჩუქრა.
მე-9 ტური ლატვიის ფინანსთა მინისტრის, ჭადრაკში ქვეყნის ოთხგზის ჩემპიონის, დიდოსტატის დანა რეზნიცე-ოზოლას პირველი სიმბოლური სვლით დაიწყო. მინისტრი ჩემპიონატის მონაწილეებს მიესალმა და წარმატება უსურვა.
ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ მიმდინარე კონტინენტის პირველობას კი კვლავ 4 დიდოსტატი ლიდერობს: მეორე ნომრად განთესილი პოლონელი რადოსლავ ვოიტაშეკი, ინგლისელი გევეინ ჯონსი, უკრაინელი ანტონ კორობოვი და რუსი მაქსიმ მატლაკოვი. ოთხივე მათგანს 7 ქულა აქვს, დამატებითი მაჩვენებლით კი პოლონელი პირველია.
მე-9 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ვოიტაშეკი ჯონსს დაუპირისპირდა. პაექრობა ყაიმით დასრულდა. 8 ტურის შემდეგ ლიდერთა ოთხეულში იყო მეორე ინგლისელი დიდოსტატი ლუკ მაკშეინი, თუმცა ბრიტანელი ანტონ კორობოვთან დამარცხდა. რაც შეეხება ისრაელის წარმომადგენელს ტამირ ნაბატის, რომელიც ასევე მოწინავეთა შორის გახლდათ, მას მაქსიმ მატლაკოვმა სძლია.
დღეს, 27 მარტს, ბოლოსწინა, მე-10 ტურში ლიდერები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს: რადოსლავ ვოიტაშეკი ანტონ კორობოვს, ხოლო გევეინ ჯონსი მაქსიმ მატლაკოვს.
ქართველ მოჭადრაკეთა შორის ყველაზე უკეთ საქართველოს წლევანდელი ჩემპიონი, დიდოსტატი მიხეილ მჭედლიშვილი ასპარეზობს. გუშინ ის ესპანელ დავიდ ანტონ გუიხაროს შეხვდა. პარტია ყაიმით დასრულდა. მჭედლიშვილი 6 ქულით 24-ე ადგილზეა.
მოწინავე 50-ეულში საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელია: თორნიკე სანიკიძე, რომელმაც მე-9 ტურში დანიელი მადს ანდერსენი დაამარცხა და 6 ქულით 45-ე ადგილამდე ამაღლდა.
მე-10 ტურში მჭედლიშვილი 22-ე ადგილზე აღზევებულ სომეხ დიდოსტატს ჰრანტ მელქუმიანს შეხვდება, სანიკიძის მეტოქე კი 39-ე ადგილზე მყოფი რუმინელი დიდოსტატი მირჩა-ემილიან პარლიგრასი იქნება.
კონტინენტის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტულისთვის ბათუმში 34 ქვეყნის 302 სპორტსმენი იბრძვის, მათ შორის 32 ქართველი. ჩემპიონატის გამარჯვებული ოქროს მედლით და 20 ათასი ევროთი დაჯილდოვდება, მეორეადგილოსანი ვერცხლის მედალთან ერთად 15 ათას ევროს მიიღებს, ბრინჯაოს მედალოსანი - 10 ათასს.
ბათუმი 2018-ის საორგანიზაციო კომიტეტი