ფეხბურთი

1:00 | 27.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ესტონეთი ლიტვაზე ძლიერია და განსხვავებული თამაში იქნება"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ესტონეთთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა. სლოვაკმა დააანონსა, რომ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება. იქვე აღნიშნა, რომ ესტონეთი უფრო ძლიერი მეტოქეა, ვიდრე ლიტვის ნაკრები და განსხვავებულ თამაშს ელოდება.

"ლიტვის წინააღმდეგ პირველი ტაიმი კარგი იყო, შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო ჩემი აქ ყოფნის პერიოდში. ბიჭები ცდილობდნენ ხარისხიანი ფეხბურთი ეთამაშათ, კარგად იხსნებოდნენ ზონებში, ფლანგის მცველები კარგად ერთვებოდნენ შეტევაში. მეორე ნახევარში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ ბუნებრივია, რომ თამაში ისე ვეღარ გავაგრძელეთ. პირველი ტაიმის ანგარიშის გათვალისწინებით ეს ნორმალურია.

რა თქმა უნდა, ხვალ სრულიად განსხვავებული მატჩი იქნება, რადგან ესტონეთი ლიტვაზე ძლიერი გუნდია. არ მინდა ლიტვას ვაწყენინო, მაგრამ ესტონეთი სხვა სქემით თამაშობს და დაცვაში მჭიდროდ დგანან. მატჩში მონაწილეობას ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებმაც ლიტვის წინააღმდეგ არ ითამაშეს. რა თქმა უნდა, მთლიანი შემადგენლობას შეცვლას არ ვაპირებ, მაგრამ 5-6 ცვლილება იქნება. ტაქტიკა ცოტათი განსხვავებულ იქნება, რადგან არ გვეყოლებიან ანანიძე, ჩაკვეტაძე და გვილია. ვაკომ ბოლო თამაშში მცირე დარტყმა მიიღო მუხლის არეში და სათამაშოდ მზად არ არის. ჩაკვეტაძე შეთანხმების თანახმად კლუბში დაბრუნდა.

რაც შეეხება ჯანო ანანიძეს, ორი კვირის უკან მე ვიყავი მოსკოვში, შევხვდი „სპარტაკის“ ხელმძღვანელობასა და გუნდის მთავარ მწვრთნელს. მასიმო კარერას ვკითხე იყო თუ არა ჯანო სათამაშოდ მზად და მან მიპასუხა, რომ მოხარული იქნებოდა თუ ის ნაკრებშიც სათამაშო პრაქტიკას მიიღებდა. ასევე ვესაუბრე ჯანოს და ის თავს კარგად გრძნობდა. ძალიან ვწუხვარ ჯანოს ტრავმის გამო, ისევე როგორც ყველა ქართველი გულშემატკივარი. ჯანოს ჯანმრთელობას ვუსურვებ და ველოდები მას, ისევე როგორც ოქრიაშვილს და მჭედლიძეს", - ციტირებს ვაისის სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებთა მატჩი 27 მარტს, "მიხეილ მესხზე", 19:00 საათზე გაიმართება. თამაშზე დასწრება უფასოა.

0.118039