კალათბურთი

0:18 | 26.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია - მორიგი MVP

ესპანეთის ლიგა ენდესას 24-ე ტურში “სასკი ბასკონიამ” საკუთარ მოედანზე “ფუენლაბრადა” ადვილად, 95:63 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პოზიცია გაიმყარა. მასპინძლები მთელი თამაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და ოთხივე პერიოდში გაიმარჯვეს.

“ბასკონიას” სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა თორნიკე შენგელია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გამხდარიყო. ჩვენებურმა 20:12 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა გაახერხა.

თორნიკემ 7-დან 5 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა და ეს საუკეთესო მაჩვენებელი იყო. შესაბამისად, MVP გახდა. ქულების მხრივაც “თოკომოტივი” საუკეთესო გახლდათ – 15 ქულაზე მეტი არავის ჩაუგდია, ზუსტად ასეთი შედეგით დაასრულა მატჩი ვინსენ პოირიემაც.

“ბასკონიას” 24 ტურის თავზე 17 გამარჯვება და 7 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი, მესამე ადგილზე იმყოფება. ბასკები მომდევნო ტურში 31 მარტს, “გიპუზკოას” ესტუმრებიან.

0.11491