ფეხბურთი

20:33 | 25.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "კარერამ მითხრა, რომ ანანიძეს თამაში შეეძლო"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჯანო ანანიძის შესახებ ისაუბრა. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, “სპარტაკის” თავკაც მასიმო კარერას ესაუბრა და სწორედ იტალიელისგან გაიგო ჯანოს ჯანმრთელობის ამბავი.

ვაისის თქმით, კარერამ უთხრა, რომ ანანიძე თავს კარგად გრძნობდა და თამაში შეეძლო...

“იცით, ჯანოსთვის მოსკოვში სპეციალურად ჩავედი და “სპარტაკი” – “ლოკომოტივს” მატჩს დავესწარი. საფინალო სასტვენის შემდეგ მასიმო კარერას შევხვდი ვახშამზე, მაინტერესებდა ანანიძის მდგომარეობა. ვკითხე, შეიძლება ჯანო ნაკრებში გამოვიძახო და ვათამაშო თუნდაც 20-30 წუთი? რა მდგომარეობაშია ფეხბურთელი? იტალიელმა მიპასუხა, რომ სრულიად ჯანმრთელად იყო და თამაში შეეძლო. რაც მოხდა ეს დიდი დარტყმაა, უბედური შემთხვევაა. ნიჭიერი ფეხბურთელია და იმედგაცრუებულია. ის ჩემი გუნდის ლიდერია, შეტევაში მთავარი ფეხბურთელი. ახლა მხოლოდ ის შემიძლია, რომ მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო.

ჯანო გასახდელში ტიროდა. ჩვენ გავამხნევეთ და შემდეგ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა. თავიდან ასეთ სერიოზულ ტრავმას არ ველოდებოდი, სათადარიგო სკამიდან შორს იყო, მაგრამ ბიჭებმა მითხრეს, რომ ხმაღლა გამოხატავდა ტკივილს, მერე კი ეს ექიმებმაც დაადასტურეს. ძალინ ვწუხვარ, ეს ანანიძისთვის ტრაგედიაა. ძალიან კარგად ვარჯიშობდა, ბედნიერი იყო და სურდა, რომ ფორმა მალე აღედგინა”, - ციტირებს ვაისის სიტყვებს Sport-express.ru.

შეგახსენებთ, ჯანო ანანიძე ლიტვასთან მატჩის დასაწყისშივე დაშავდა. როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, ჯანოს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი აქვს დაზიანებული და ოპერაცია სჭირდება.

აქვე გეტყვით, რომ ანანიძე ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში დაშავდა და მას შემდეგ მოედანს მხოლოდ მიმდინარე თვეში დაუბრუნდა. როგორც ჩანს, 25 წლის ჩვენებურს ისევ ხანგრძლივად მოუწევს იძულებით უქმობა...

0.107145