ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი გაბრიელ ომარ ბატისტუტა დიეგო არმანდო მარადონასა და ლიონელ მესის ადარებს. “ფიორენტინას” ყოფილი შემტევის განცხადებით, მარადონა პოეზიაა, მესი – პროზა.
“ბატიგოლისთვის” ფეხბურთის უგვირგვინო მეფე უფრო მაღალ დონეზე დგას, ვიდრე “ბარსელონას” შემტევი.
“დიეგო საუკეთესო იყო, არგენტინის სიმბოლო და არამხოლოდ ფეხბურთში. მას ჰქონდა ქარიზმა, ნიჭი. მესი ტექნიკურად ძალიან ძლიერია, შესაძლოა, უკეთესიც, მაგრამ მარადონას ვერ აჯობებს. ლიონელს დიეგოს ქარიზმა არ აქვს.
მარადონას შეეძლო სტადიონის კონტროლი და ყველას მისთვის ეყურებინა. მასთან ერთად ვთამაშობდი და ვიცი, რამდენად გადამწყვეტი როლი ჰქონდა. მარადონა არის პოეზია, ხოლო მესი – პროზა.
მესი ტექნიკურად უფრო ძლიერია, გოლებსაც გაცილებით მეტს იტანს, თუმცა ჩემთვის, დიეგოზე ძლიერი არაა და ვერასდროს იქნება”, - ციტირებს ბატისტუტას სიტყვებს Football Italia.
გაბრიელ ბატისტუტა და დიეგო მარადონა არგენტინის ნაკრებში 1991-1994 წლებში თანაგუნდელები იყვნენ და აშშ-ში გამართულ მუნდიალზე “ალბისელესტეს” შეტევის ხაზს ამაგრებდნენ.