კალათბურთი

3:31 | 24.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 12 ქულა და თითქმის გარანტირებული პლეი-ოფი

ევროლიგის პლეი-ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადაგდა “სასკი ბასკონიამ”. ესპანურ დერბიში ბასკებმა “ბარსელონა” მისსავე მოედანზე დაამარცხეს – 86:73.

შეხვედრა სამი პერიოდის განმავლობაში თითქმის თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, მაგრამ დასკვნით მეოთხედში უფრო მოტივირებულმა სტუმრებმა იძალეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მიითვალეს.

“ბასკონიას” ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში არ იმყოფებოდა და 21:06 წუთი ითამაშა. ხსენებულ დროში ჩვენებურმა 12 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

თორნიკემ 7-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია. მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 18-ს გაუტოლდა.

“ბასკონიასთვის” ეს შეიძლება ითქვას გადამწყვეტი გამარჯვებაც იყო. ევროლიგის რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი, ხოლო ესპანური გუნდი მერვე ადგილზეა, რაც პლეი-ოფის საგზურს იძლევა. ბასკებს ერთადერთი კონკურენტი ჰყავთ – თელ-ავივის “მაკაბი”, რომელსაც ორი მოგებით სჯაბნის და შემდეგ ტურში საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.

გარდა ამისა, სულაც არაა გამორიცხული, რომ შენგელია და მისი თანაგუნდელები უფრო წინ წავიდნენ. ვინაიდან, “ჟალგირისსა” და “ხიმკის” კინკილა მოგებით ჩამორჩებიან და დარჩენილ ორ ტურში მათთან შედარებით, უფრო ადვილი კალენდარიც აქვთ.

0.116643