იტალიის ნაკრები არგენტინასთან ამხანაგურ მატჩს აწ გარდაცვლილი დავიდე ასტორის ხსოვნას მიუძღვნის.
როგორც იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იტყობინება, “სკუადრა აძურა” “ალბისელესტესთან” სპეციალური მაისურით ითამაშებს, რომელსაც შემდეგ წარწერა დაამშვენებს: “დავიდე ყოველთვის ჩვენთან 13”.
აღსანიშნავია, რომ არგენტინასთან და ინგლისთან შეხვედრებში იტალიის ნაკრები 13 ნომრის გარეშე ითამაშებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, “სკუადრა აძურას” წევრები ამ ნომერს ნაკრებში აღარ მოირგებენ ასტორის ხსოვნის პატივსაცემად და ეს იდეა ჯანლუიჯი ბუფონსა და ლეონარდო ბონუჩის ეკუთვნით. თუმცა, გამონაკლისი იქნება ოფიციალური მატჩები.
შეგახსენებთ, რომ დავიდე ასტორი 4 მარტს, უდინეს ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში გულის შეტევით გარდაიცვალა. ასტორიმ იტალიის ნაკრებში 14-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.