ავტოსპორტი

4:57 | 23.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

„რედ ბული“: RB14-ს შასი მეტოქეებზე ერთი თავით უკეთესია

„რედ ბული“ აცხადებს, რომ წინასასეზონო ტესტებისას, GPS-ით აღებული მონაცემების შესაბამისად, მისი RB14-ის შასი, მეტოქე გუნდების მიერ მომზადებულ მანქანებთან შედარებით, „აბსოლუტურად საუკეთესოა“.

ავსტრიულმა გუნდმა, რომელიც ბრიტანეთშია ბაზირებული, ახალი სეზონისთვის სამზადისი კარგად ჩაატარა. მისი პილოტები, დანიელ რიკიარდო და მაქს ფერსტაპენი დარწმუნებულები არიან, რომ მათ გუნდს შესამჩნევი პროგრესი აქვს.

კომპანია „რედ ბულის“ ფორმულა 1-ის მრჩეველი ჰელმუტ მარკო კი დარწმუნებულია, რომ RB14-ის შასი მეტოქეებზე ერთი თავით მაღლა დგას: „ჩვენ ვიცით, რომ GPS-ის მონაცემებით, ჩვენი შასი აბსოლუტურად საუკეთესოა. მაგრამ ძრავთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს. ასე „მერსედესთან“ შეჯიბრება ძალიან ძნელია“.

გუნდის შეფი კრისტიან ჰორნერი ამბობს, რომ პირველ რბოლებამდ სხვებთან შედარება ძნელია, მაგრამ მიაჩნია, რომ მისი გუნდის მიერ მომზადებული მანქანა, მოსახვევებში სხვებზე ცუდად არ დგას. ის სტაბილურია, კარგად დაბალანსებული, კარგად ემორჩილება მართვას და ადვილად რეგულირდება. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ მანქანის მზადების შედარებით ადრე დასრულებამ, ინჟინრებს მისი სრულყოფის საშუალება მისცა. ის თვლის, რომ ტურბო ძრავების ეპოქაში, ეს „რდ ბულის“ მიერ ყველაზე უკეთ მომზადებული მანქანაა.

ძრავების მიმწოდებელმა „რენომ“ ცალსახად განაცხადა, რომ ახალი სეზონისთვის მზადებისას, მისი მთავარი მიზანი, აგრეგატების გამძლეობის გაუმჯობესება იყო, თუნდაც სიმძლავრის დაკლების ხარჯზე. მისი მიღწევის შემდეგ, აქცენტი სხვა მახასიათებლების დახვეწაზე გადავა.

ფაქტია, რომ სიმძლავრის მხრივ, „რენოს“ ძრავი კვლავ ვერ გაუწევს კონკურენციას „მერსედესის“ და „ფერარის“ აგრეგატებს. ამის გამო, საჩემპიონო შანსებზე მსჯელობისას, ჰორნერი თავშეკავებულია. თუმცა ფიქრობს, რომ გარკვეულ ეტაპებზე მისი პილოტები რბოლების მოგებისთვის იბრძოლებენ. ეს იმ ტრასებზე მოხდება, სადაც შასის უპირატესობით, სიმძლავრის დეფიციტის გადაფარვა იქნება შესაძლებელი.

ჰორნერი ამბობს, რომ „რენოსგან“ განხლებულ ძრავს ესპანეთის ეტაპისთვის ელის და იმედი აქვს, რომ ის მის გუნდს „მერსედესთან“ და „ფერარისთან“ პაექრობის საშუალებას მისცემს. ის ამბობს, რომ პირველი ოთხი ეტაპიდან, სამი ძრავებისადმი მომთხოვნია და ამიტომ, ისინი „რედ ბულისთვის“ რთული იქნება. ევროპული ეტაპებიდან კი, როცა მეორე ძრავის გამოყენებას დაიწყებს, სიმძლავრის დეფიციტის შემცირების იმედი აქვს.

0.217764