ალკოჰოლური და განსაკუთრებით კი მაღალალკოჰოლიანი სასმელები (არაყი, ვისკი, ბრენდი და სხვა...) სპორტსმენისათვის მთლად სასარგებლო რომ არაა - ეს ცნობილი ამბავია და სწორედ ამიტომაც, სპორტსმენების უმეტესობა სხვასთა დასანახად მხოლოდ მცირეოდენ წითელ ღვინოს სვამს, ისიც თუკი სასმელი მაღალხარისხოვანია. თუმცა, ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის და ეს ერთი შეხედვით “მიღებული წესებიც“ საყოველთაოდ და უაპელაციოდ ვერ ჩაითვლება.
ბრიტანეთი ამ კუთხით მაინც გამორჩეულია. მაგალითად, ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი გოლკიპერი, დევიდ სიმენი საფეხბურთო კარიერის დასრულებიდან წლების გასვლის შემდეგ აღიარებს, რომ ქონია შემთხვევები, როდესაც ლუდით და ვისკით გვარიანად შემთვრალი არამხოლოდ ვარჯიშებზე, ოფიციალურ მატჩებზეც კი მდგარა კარში და ამას მისთვის პრობლემები საერთოდ არ შეუქმნია. უფრო მეტი - ბევრჯერ მისი თანაგუნდელებიც კი ვერ მიმხვდარან სიმენი ნასვამი რომ იყო.
დევიდ სიმენზე არანაკლები მსმელი, თუმცა დებოშიორი გახლდათ კიდე ერთი ვეტერანი ინგლისელი ლეგენდარული ფეხბურთელი, პოლ გასკოინი, რომელიც ყველანაირ სასმელს განურჩევლად სვამდა და მისი საფეხბურთო კარიერის ნაადრევად დასრულებაც სწორედ ალკოჰოლთან ზედმეტად “მეგობრობას“ უკავშირებენ. მიუხედავად ამისა, გასკოინი მაინც ხშირადამბობს, რომ კარგი ხარისხის სასმელზე უარის თქმა ვერ წარმოუდგენია და არ სცემს პატივს იმ ხალხს, ვისაც სმაზე საერთო უარი აქვს გაცხადებული.
როგორც ბრიტანული მედია წერს, “ნისლიან ალბიონზე“ დღესაც ბევრი მოქმედი ფეხბურთელი თუ მწვრთნელი სვამს, თუმცა ეს ადამიანები რაღაც ძალებით ახერხებენ სმისმოყვარეობა ყველას დაუმალონ და ამის შესახებ საჯაროდ მხოლოდ სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ საუბრობენ ხოლმე. როგორც ერთხელ ლეგენდარულმა შოტლანდიელმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა: “ღვინო ყოველთვის დიდი სიამოვნების წყაროა და გამონაკლისები მხოლოდ თამაშის დღეები შეიძლება იყოს“.









