ფეხბურთი

22:30 | 21.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა ელიტ-რაუნდი მასპინძელთან ქულით დაიწყო

პოლონეთში სტარტი აიღო ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტ-რაუნდმა. საქართველოს შესაბამისი ასაკობრივი ნაკრები პირველ ტურში მასპინძელ პოლონეთს დაუპირისპირდა და გამარჯვება შეეძლო.

გიორგი ნემსაძის გუნდმა ანტრაქტზე უპირატესობით შეძლო გასვლა, ვინაიდან ზუკა დავითაშვილმა დუბლი გაიფორმა. “ლოკომოტივის” შემტევმა ორჯერვე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შეძლო მეტოქის კარის აღება. საპასუხოდ, მასპინძლებმა პირველ ტაიმში ნავროცკის გოლი შეგვაგებეს.

აი, მეორე ნახევარში კი, ნემსაძის შეგირდებმა ანგარიში ვერ შეინარჩუნეს. შეცვლაზე შესულმა ზუკოვსკიმ გაათანაბრა. მაგრამ, იქამდე 4 წუთით ადრე, შეიძლება ითქვას, საკვანძო ეპიზოდთან გვქონდა საქმე – ივა გელაშვილმა 52-ე წუთისთვის გაფრთხილების მიღება ორჯერ მოასწრო და თანაგუნდელები კაცნაკლული დატოვა. რიცხობრივი უპირატესობა კი პოლონელებმა გამოიყენეს.

2:2 – ასე დაიწყო ელიტრაუნდი საქართველოს ნაკრებისთვის, რომელიც მეორე ტურში 24 მარტს, ირლანდიას დაუპირისპირდება. იმ ირლანდიას, რომელმაც დღეს მაკედონია უპრობლემოდ, 3:0 დაამარცხა და ჯგუფში გალიდერდა.

საქართველო – პოლონეთი 2:2 (2:1)

ლეგნიცა, “მიედზი არენა”

საქართველო (3-5-2): ხარშილაძე; გელაშვილი, მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი; გულიაშვილი (ჯანგველაძე 79), ჩოთალიშვილი (ჭინჭარაული 55), ტალახაძე, აზაროვი (კალანდაძე 5); კვარაცხელია, დავითაშვილი

მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

პოლონეთი (4-2-3-1): ლოტკა; სმაიდორი, პლესნიეროვიჩი, ნავროცკი, მაჩკოვიაკი; ჰიეკი, კარბოვნიკი; ზუკი (კობაცკი 63), შიზი (ბოგუში 41), ეიზენჰარტი (ზუკოვსკი 41); ბიდა

მწვრთნელი: ბართოლომეი ზალევსკი

გოლები: 1:0 დავითაშვილი (9, პენ), 1:1 ნავროცკი (14), 2:1 დავითაშვილი (28, პენ), 2:2 ზუკოვსკი (56)

გაფრთხილება: ჩოთალიშვილი (22), გელაშვილი (37, 52) – პლესნიეროვიჩი (32), კარბოვნიკი (46), ზუკოვსკი (53)

გაძევება: გელაშვილი (52)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (4) – 13 (9) კუთხურები: 2:8 თამაშგარე: 1:0 ჯარიმა: 11:14

მსაჯი: ივარ ორი კრისტიანსონი (ისლანდია)

0.114627