"საბურთალოს" მცველს ნიკოლოზ მალის მცირე წვივის ძვლის მოტეხილობა დაუდგინეს, რის შემდეგაც ოპერაცია გაიკეთა. ახალგაზრდა ფეხბურთელს პირველი წრე გაუცდება, იგი სავარაუდოდ მეორე წრიდან შეუერთდება გუნდს.
ნიკოლოზმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „საბურთალოს“ პრესსამსახურთან ისაუბრა და ის ეპიზოდიც გაიხსენა, როდესაც ტრავმა მიიღო:
„ვარჯიში გვქონდა, სათამაშო ეპიზოდი იყო. არ მეგონა, რომ ტრავმა სერიოზული იქნებოდა, მაგრამ როგორც შემდგომ გაირკვა, მცირე წვივის ძვლის მოტეხილობა მქონდა.
ოპერაცია გავიკეთე, ახლა სახლში გამწერეს. 6 კვირაში ფეხს დავადგამ, მერე კი რეაბილიტაციის კურს დავიწყებ.
გული ძალიან მწყდება, რომ ასეთ დროს მივიღე ტრავმა, არადა შეკრებაზე კარგად ვგრძნობდი თავს და ამხანაგურ თამაშებშიც ნორმალურად წარმოვაჩინე თავი. პირველი წრე იძულებით დავისვენებ, მერე იმედი მაქვს მოვმჯობინდები და შევუერთდები საბურთალოელებს.
ამ ეტაპზე "საბურთალოს" თამაშებს ტელევიზიით ვადევნებ თვალს. მიხარია, რომ კარგი სტარტი გამოგვივიდა. ახლა მთავარია სტაბილურობა განვაგრძოთ და მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ. საწყის ორ მატჩში ვმარცხდებოდით, მაგრამ გუნდმა ძალების კონცენტრაცია შეძლო და საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ვფიქრობ, "საბურთალოს" წინააღმდეგ თამაში ბევრ გუნდს გაუჭირდება. ძნელია შორიდან თამაშის ყურება, მაგრამ ფეხით გავლა რომ შემეძლება, მატჩებზეც დავიწყებ სიარულს", - განაცხადა ნიკოლოზ მალიმ.