ნინო სალუქვაძის ტირში პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცებშიც გამოვლინდნენ. ტურნირში მონაწილეობდნენ თბილისის, ქუთაისისა და თელავის გუნდები. ქალებისგან განსხვავებით, ვაჟებში ყველა მედალი თბილისელებმა დაისაკუთრეს (ქალებში ორივე ოქრო ქუთაისმა ირგუნა). უფროსებში გამარჯვება არავის დაუთმო რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის მონაწილე ცოტნე მაჭავარიანმა (ნინო სალუქვაძის ტირი) - 575 ქულა (94, 95, 97, 96, 95, 98). მეორეზე სკა-ს წევრი ვლადიმერ მაიოროვი გავიდა 572 ქულით (98, 95, 91, 97, 96, 95), ბრინჯაო კი ისევ სალუქვაძის კლუბის წევრმა ლევან ქადაგიძემ მოიპოვა 569 ქულით (96, 96, 92, 94, 96, 95).
ახალგაზრდებში სამივე მედალი ნინო სალუქვაძის ტირის წევრებმა დაისაკუთრეს. ჩემპიონი ახალგაზრდებში ევროპის გუნდური პირველობის მესამე პრიზიორი აკაკი მოსულიშვილი გახდა 553 ქულით, ვინც ცალკეულ სერიებში ასეთი შედეგი აჩვენა: 96, 93, 90, 94, 92, 88. ვერცხლი რევაზ ხარაბაძემ მოიპოვა 548-ით (91, 94, 98, 92, 92, 91), ბრინჯაო კი ივა ჭანკვეტაძემ დაისაკუთრა 540 ქულით (90, 88, 90, 90, 92, 90).
საქართველოს ჩემპიონატი დღეს დასრულდება შერეულ წყვილთა შეჯიბრებებით, რომელშიც მონაწილეობას 14 წყვილი მიიღებს.