ბლოგი

21:45 | 18.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

სასწაული რომ მოხდეს და საქართველო  ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს...

ყაზახეთი, ლატვია, ანდორა - ამ ქვეყნების ნაკრებები იქნებიან წელს შემოდგომაზე ახლადშექმნილ უეფას ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები და ამის შემდეგ გაირკვევა შეგვიძლია თუ არა ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ მოცემული შანსის გამოყენება და ერთმანეთის დაჭმის, წივილ-კივილის, უსაგნო ლაყაფის გარდა საერთოდ თუ შეგვიძლია რამე...

ადრე ალბათ სასაცილოდ არ გვეყოფოდა ვინმეს რომ ეთქვა ლატვიასთან, ანდორასთან და ყაზახეთთან დაგეგმილ შეხვედრებში გამარჯვება საქართველოს ნაკრებისთვის სათუო იქნებაო, მაგრამ ჩვენი სამწუხარო რეალობა ახლა ასეთია და სრულიად მესმის იმ ქომაგების, რომლებიც ფიქრობენ, რომ მინიმუმ ყაზახეთთან თამაშში ძალიან გაგვიჭირდება და ვერავინ დადებს თავს, რომ ამ ოთხეულში სწორედ ჩვენი გუნდი იპირველებს.

როგორი მძიმეც არ უნდა იყოს არსებული რეალობა, გასაგებია ის იმედებიც, რაც ქართველ ქომაგებს საქართველოს ნაკრების მიმართ გაუჩნდათ. ბოლოსდაბოლოს, ჩამოთვლილი სამი ნაკრები ნამდვილად ვერ შევა ევროპის თუნდაც საშუალო დონის გუნდებს შორის და აბსურდია იმის მტკიცება, რომ რომელიმე მათგანთან მოგება არ შეგვიძლია, მაგრამ ჩვენც ხომ ამ გუნდებთან ერთად მოვხვდით? ჩვენც ხომ მათი დონის გუნდი გვყავს? (სტატისტიკას და რეალობას ვერსად წაუვალთ) და თანაბართა შეხვედრაში ზედმეტი იმედები რატომ უნდა გაჩნდეს?!...

საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობამ ჭკუა იხმარა და სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, არც იმას ამბობენ - უპირობოდ შეგვიძლია ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლაო და არც იმედებს გვიწურავენ. მათი პოზიცია ირიბია და გასაგები - ვნახოთ რა იქნება, ჩვენ ვითამაშებთ და დანარჩენს იღბალი და მონდომება წარმოაჩენსო. ეს პოლიტიკურად გამართლებული პოზიცია კიდევ უფრო ბუნდოვანია ქომაგებისთვის, რომლებიც ჩვენი ნაკრებიდან შეიძლება დიდ წარმატებებს ვერ ეღირსნენ, მაგრამ კარგად ახსოვთ ის დრო, როდესაც ალბანეთთან, ესტონეთთან, შუააზიის გუნდებთან და სომხეთთან გამარჯვება პრობლემა არ იყო. ახლა კი, სულ სხვა რეალობაა და ჩვენი ნაკრების მწვრთნელი შესარჩევ ეტაპზე ნათამაშებ უამრავ ფრეს წარმატებად მიიჩნევს.

ვთქვათ ასრულდა ჩვენი დიდი ოცნება, ამას დაემატა გამართლებათა კასკადიც და საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპინატზე გავიდა. ეს ცხადია იქნება დიდი სიხარულის, ზეიმისა და ტაშ-ფანდურის მიზეზი და ამ ზეიმში ყველა ქართველი ჩავებმებით. მაგრამ, შესარჩევი ეტაპის მეოთხე დონის გუნდებისგან დაკომპლექტებული ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე სასწაულებრივად გასვლა თამაშშს ხარისხობრივად რაიმეს შემატებს ჩვენს ნაკრებს? ეს გამოასწორებს საშინელ დაუბალანსებლობას? დაცვის სრულ ინერტულობას და წინა ხაზის მოშლილობას - რაც ჩვენს ნაკრებს ამდენი წელია აწუხებს? ეს რაიმენაირად ასწავლის ჩვენს ფეხბურთელებს ხარისხიან პასებს მაინც? მეეჭევება, ძალიან მეეჭვება...

ხშირად გაგვიგია და ალბათ ჩვენც გვითქვამს: ოღონდ საქართველოს ნაკრები ევროპის ან მსოფლიოს ჩენპიონატზე გავიდეს და მერე რაღაცა იქნებაო. ვითომ სწორია ეს შეხედულება? არა, გასვლა მთავარია - ცხადია, მაგრამ სად გადიხარ, რატომ გადიხარ, როგორ გადიხარ და იქ მოიჭრი თუ არა თავს ამასაც ხომ აქვს მნიშვნელობა?...

0.111754